ბ​ათუმში, #62 უბანში დამკვირვებელი ამბობს, რომ ე.წ. კარუსელის დატრიალების მცდელობა იყო

28 ოქტომბერი 2018, 00:00 1716 ნახვა

"ბათუმში, #62 უბანში კარუსელის დატრიალების მცდელობა იყო" - ამ ინფორმაციას უბნის დამკვირვებელი ავრცელებს,  რომელიც ორგანიზაცია  "ევროპული მომავლისთვის" სახელით არის აკრედიტებული. 

მურმან ქარცივაძის ინფორმაციით, უბანში შემოსვლას ცდილობდა რამდენიმე პირი, რომლებსაც  უკვე ჰქონდათ ხელზე მარკირება. "ჯერ მოვიდა ერთი პირი, მერე მოყვა სხვები და მთელი მიკროავტობუსი აპირებდა ხმის მიცემას, კარუსელის დატრიალებას. ამის საშუალება არ მივეცით და ამიტომ იყო ხმაური" - აცხადებს მაუწყებელთან სატელეფონო საუბარში  ქარცივაძე. 

ბათუმის #79 ოლქში ადასტურებენ ფაქტს, რომ #62 უბანზე ერთი პირი აპირებდა ხმის მიცემას, რომელსაც ხელზე აღენიშნებოდა მარკირების მსგავსი სითხის კვალი.

ციალა შავაძის ინფორმაციით, ადგილზე ოლქის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. "ამომრჩეველი ირწმუნებოდა, რომ მას ხელზე წამლის კვალი აღენიშნებოდა და ხმის მიცემას ითხოვდა. მას მოთხოვეს ხელი დაებანა, რის შემდეგაც მანათობელმა ვეღარ დააფიქსირა რაიმე სითხე ხელზე და კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება მიეცა" - განაცხადა #79 ოლქის თავმჯდომარემ ციალა შავაძე. 

მისი მტკიცებით, პრობლემა მხოლოდ ერთ ადამიანთან დაფიქსირდა და არა რამდენიმესთან.  

ამავე კატეგორიაში