ავღანეთში ჩატარებული საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები 28 ოქტომბერს გახდება ცნობილი - ცესკო

25 ოქტომბერი 2018, 00:00 1977 ნახვა

ავღანეთში, ბაგრამისა და მაზარი-შარიფის სამხედრო ბაზებზე საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. 

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, არჩევნებში ხმის მისაცემად სულ 875 ამომრჩეველი დარეგისტრირდა, მათგან 181-მა გადასატანი ყუთით ისარგებლა.  

ავღანეთის ორ ბაზაზე ჩატარებული არჩევნების შედეგები 28 ოქტომბერს, 20:00 საათის შემდეგ გახდება ცნობილი. ცესკოს ინფორმაციით, ავღანეთში ეგზიტპოლი არ ჩატარებულა და წინასწარი შედეგების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. 

“დღეს, ავღანეთში ორ საარჩევნო უბანზე იმართება საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები. კერძოდ, ბაგრამისა და მაზარი-შარიფის სამხედრო ბაზებზე. საერთო ჯამში, ორივე ბაზაზე რეგისტრირებულია 875 ამომრჩეველი. აღსანიშნავია, რომ დღეს სრულდება მხოლოდ კენჭისყრის პროცედურები. მას შემდეგ, რაც დასრულდება ხმის მიცემის პროცესი, ყველა დოკუმენტაცია შესაბამისი წესით დაილუქება, მათ შორის სპეციალური კონვერტები, რომელშიც მოთავსებულია ბიულეტენები და გამოიგზავნება საქართველოში. 28 ოქტომბერს, საღამოს 8 საათზე, მას შემდეგ, რაც დასრულდება ხმის მიცემის პროცესი მთელ საქართველოში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მოხდება ავღანეთის 2 უბნის ბიულეტენების დათვლა და შესაბამისად, თითოეულმა კანდიდატმა რა რაოდენობის ხმები მიიღო, ცნობილი იქნება მხოლოდ 28 ოქტომბერს, 20:00 საათის შემდეგ''- განაცხადა ანა მიქელაძემ. 

ავღანეთის საარჩევნო ბაზებზე ორი სპეციალური ჯგუფია გაგზავნილი, რომელშიც ცესკო-ს მიერ არჩეული პირები და ასევე პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული წევრები შედიან. ადგილზე დამკვირვებლები არ იმყოფებიან. 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი