''მუდმივად არავინაა მთავრობაში და მაინც მოგიწევთ ჩემთან მოსვლა, როდესაც თქვენი უფლებები დაირღვევა როგორც ამას 2012 წელს აკეთებდით'' - ასე პასუხობს ''საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი იუსტიციის მინისტრს.
ეკა გიგაური თეა წულუკიანის მიერ დანიაში, ანტიკორუფციულ კონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მინისტრმა თქვა, რომ გიგაური სავარაუდოდ მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევის ხელშეწყობაში მონაწილეობდა 2007 წლის ნოემბერში, თუმცა დღემდე სასამართლოში არ გამოცხადებულა.
„არ გცხვენია თეა, აქ ამას რომ ლაპარაკობ? ზუსტად იცი, რომ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის მე ვუჩივლე თქვენ სატელიტებს. ვიცოდი, რომ თქვენგან იმართებოდნენ, მაგრამ ახლა ნამდვილად დავრწმუნდი ამაში. მუდმივად არავინაა მთავრობაში და მაინც მოგიწევთ ჩემთან მოსვლა როდესაც თქვენი უფლებები დაირღვევა როგორც ამას 2012 წელს აკეთებდით. პ.ს. ბოტებს თუ არ მომიგზავნი დიდად დამავალებ“, – წერს ''საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
თეა წულუკიანის თქმით, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება საკმაოდ თავისუფალია. მათ შესაძლებლობა აქვთ, ქვეყნის საზღვრებსაც გასცდნენ და „დანიაშიც კი მისწვდნენ საკუთარ იუსტიციის მინისტრს“.
„ჩემთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა, პასუხი გაგცეთ, რადგან ეს კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია მოითხოვს, არ ვუპასუხოთ მის კითხვებს ჩვენი ქვეყნის შიგნით. მადლობელი ვარ, რომ ამის შესაძლებლობა დანიაში მეძლევა. საქართველოში სამოქალაქო სექტორი საკმაოდ მრავალფეროვანია. ჩვენს ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნება ორი საათშია შესაძლებელი ყოველგვარი ბარიერების გარეშე. საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის არსებობს ძალიან ნაყოფიერი ნიადაგი, რათა დაფუძნდნენ და დაიწყონ მუშაობა და აქტიურები იყვნენ სოფლებში, პატარა თუ დიდ ქალაქებში. სამწუხაროდ ჩვენ ახლა ვხდებით მოწმეები, როდესაც ერთი კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია მთელი სამოქალაქო საზოგადოების სახელით საუბრობს. რისთვისაც მას ხშირად აკრიტიკებენ საკუთარი კოლეგები, მაგრამ ეს არ არის ხელისუფლების საქმე. არასამთავრობოების შიდა დაპირისპირებების განხილვის ადგილი აქ არ არის“- განაცხადა წულუკიანმა.
კონფერენციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლი გიორგი ონიანიც ესწრებოდა. სწორედ მის გამოსვლას მოჰყვა იუსტიციის მინისტრის კომენტარი. ონიანმა შეხვედრაზე თქვა, რომ საქართველოს მმართველი პარტია და მათ შორის თეა წულუკიანი მათ პოლიტიკურად მიკერძოებულებს უწოდებს.
ფოტო: ''ლიბერალი'' და ''პირველი რადიო''