როგორ შეიცვალა რამდენიმე საათში ხულოში მმართველობა - სამ საათში გამოცემული 3 ბრძანება და ერთი განცხადება

18 ოქტომბერი 2018, 00:00 9073 ნახვა

ხულოს უკვე ყოფილი მერი გოჩა მელაძე, ერთი წლის წინ, პარტია "ქართული ოცნების" მიერ ამ პოსტზე წარდგენილი კანდიდატია. მას მერის თანამდებობაზე, არჩევნებზე მისული 14,331 ათასი ამომრჩევლის 59%-მა, 8000-ზე მეტმა ადგილობრივმა დაუჭირა მხარი და ხულოს მერიის მართვა ანდო. 

არჩევნებიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, ის თანამდებობას საკუთარი სურვილით ტოვებს, თუმცა საკრებულოსთვის გაგზავნილ ბრძანებაში  არ საუბრობს მისი წასვლის მოტივზე.

17 ოქტომბერს, დღის 1 საათისთვის, ხულოს მერი ბათუმში იმყოფებოდა. აჭარის მაუწყებლისთვის უცნობია ქონდა თუ არა რაიმე ტიპის შეხვედრები მელაძეს, თუმცა ჟურნალისტებს გვითხრა, რომ 31 ოქტომბრამდე შვებულებაშია და წასვლას არსად აპირებს.

რამდენიმე საათში კი ის ხულოში ბრუნდება და ოფიციალურად ასრულებს შვებულებას იმისთვის, რომ  საკადრო ცვლილებები განახორციელოს. კონკრეტულად კი, თანამდებობიდან გაათავისუფლოს მისი პირველი მოადგილე ლაშა ბოლქვაძე (რომელიც კანონით, მერის მოვალეობის შემსრულებელი გახდებოდა მერის გადადგომის შემთხვევაში) და მის ნაცვლად დანიშნოს პოლიციის უფროსი ვახტანგ ბერიძე.

თავის მხრივ, მოულოდნელად, ვახტანგ ბერიძეც ტოვებს  ხულოს პოლიციის სამმართველოს უფროსის პოსტს ერთი დღით ადრე, 16 ოქტომბერს . შს სამინიტროს ინფორმაციით, ბერიძე დაკავებული თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა. 

სამუშაო საათების დასრულებამდე, არჩეული მერი გოჩა მელაძე საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს განცხადებით, სადაც სთხოვს უფლებამოსილების შეჩერებას. თავმჯდომარე არ ინტერესდება ოფიციალურად რატომ მიდის არჩეული მერი, რომელსაც მასთან ერთად 8 000 მეტმა ხულოელმა დაუჭირა მხარი და მელაძის განცხადება კმაყოფილდება. 

შედეგად, 18 ოქტომბერს, 9 საათზე, ხულოს ახალი მერის მოვალეობის შემსრულებელი ყავს. 

რჩება პასუხგაუცემელი კითხვები, რომელზეც ყოფილი მერი ამ დრომდე არ გვაპსუხობს.  რატომ ტოვებს შტაბის უფროსი არჩეული მერის თანამდებობას  არჩევნებამდე 11 დღით ადრე?  და ვისი რეკომენდაციით გადაწყვიტა შეეცვალა პირველი მოადგილე ან რატომ? 

გოჩა მელაზე შვებულების დროს, "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შტაბს ხელმძღვანელობდა. ჯერ უცნობია, თუმცა სავარაუდოდ არც შტაბის ხელმძღვანელობას გააგრძელებს. 

გოჩა მელაძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია პირველად ივლისში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ  თორნიკე რიჟვაძის დანიშვნის  შემდეგ გავრცელდა. 

გუშინ თორნიკე რიჟვაძე ამბობდა, რომ არ ფლობს ინფორმაციას ხულოს მერის თანამდებობიდან წასვლის შესახებ. ასევე აცხადებდა, რომ პირადი კონფლიქტი არც ერთ მერთან არ აქვს, თუმცა შენიშვნები და რეკომენდაციები ხულოს მერს მისცა - "ჩამორჩენა ჰქონდა მუშაობაში", განაცხადა თავმჯდომარემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან. 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი