საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის სხდომაზე დასწრებას ითხოვს

16 ოქტომბერი 2018, 00:00 1915 ნახვა

გიორგი მარგველაშვილი პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მიმართავს, მთავრობის სხდომა მოიწვიოს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრება. სხდომაზე კი სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირებისა და მოქალაქეთა უფლებების დაცვის საკითხები განიხილონ. 

მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული შეხვედრა ქართული სახელმწიფოსა და დემოკრატიისთვის სასარგებლო იქნება. 

''მინდა გამოვეხმაურო ხორავას ქუჩაზე განვითარებული მოვლენების შესახებ მიმდინარე აქტიურ პოლიტიკურ დისკუსიას. კიდევ ერთხელ მინდა გამოვუცხადო ჩემი თანადგომა და მხარდაჭერა ზაზა სარალიძეს. ირინა ენუქიძის მსგავსად, ის იცავს ჩვენი შვილების სიცოცხლეს. ტრაგიკულია, რომ 10 წლის თავზე იმ ტრაგედიიდან, რომელმაც ქართული საზოგადოება შეძრა, დღეს დედაქალაქის მთავარ გამზირზე იგივე მოთხოვნით, იგივე ტრაგედიის საზოგადოებისთვის გაზიარებით დგას შვილმკვდარი მშობელი. მე პოლიტიკური ქულები არ მაქვს დასაწერი და არც კენჭს ვიყრი, არც კამპანიაში ვმონაწილეობ, ამიტომ ვაცხადებ, ჩვენ გვჭირდება ვითარების ადეკვატური შეფასება და ადეკვატური ზომების განხორციელება. გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ სახელმწიფო სტრუქტურებთან, საქართველოს მთავრობასთან ვითათბიროთ ვითარების სწორი შეფასებისა და შესაბამისი ზომების გატარების თვალსაზრისით.  შესაბამისად, ვიყენებ ჩემ კონსტიტუციურ უფლებას და მივმართავ საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს უახლოეს დღეებში მოიწვიოს მთავრობის სხდომა, სადაც მე სწორედ ამ საკითხების ანალიზის ანუ სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საკითხით გავმართავ მათთან შეხვედრას“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

გიორგი მარგველაშვილი ქვეყანაში შექმნილ ვითარებას სპეციალურ ბრიფინგზე გამოეხმაურა.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი