ტელევიზიის 26 წლის თანამშრომლის გარდაცვალების გამო, შესაძლოა, ექიმს სანქცია დაეკისროს - ზუკას საქმე

10 ოქტომბერი 2018, 00:00 12605 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდაცვლილის თანამშრომლის ზუკა ფაღავას მკურნალ ექიმს პროფესიული გადაცდომის გამო, შესაძლოა, სანქცია დაეკისროს.

პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხზე ამჯერად პროფესიული განვითარების საბჭო იმსჯელებს, მანამდე კი სავარაუდო გადაცდომის ფაქტი სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ შეისწავლა, დარღვევა დააფიქსირა და საბჭოს ადეკვატური რეაგირებისთვის გადასცა. 

რა სანქცია დაეკისრება შპს ,,მედ ცენტრის“ გადაუდებელი დახმარების განყოფილების ექიმს?ასეთ შემთხვევებში რამდენიმე ტიპის გადაწყვეტილება გამოდის. ესენია: სერტიფიკატის სრულად გაუქმება, 6 თვემდე ვადით მოქმედების შეჩერება ან ექიმის წერილობითი გაფრთხილება.

აჭარის მაუწყებლისთვის გამოგზავნილ წერილში აღნიშნულია: ​

''სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ, თქვენი მომართვის საფუძველზე, შესწავლილ იქნა, შპს ,,აჭარის ა/რ ონკოლოგიის ცენტრში“, პაციენტ ზურაბ ფაღავასთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხი. გამოვლენილი დარღვევების გამო, სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე, დაისვა შპს ,,მედ ცენტრის“ (ყოფილი შპს ,,აჭარის ა/რ ონკოლოგიის ცენტრი“) გადაუდებელი დახმარების განყოფილების ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი''.

უცნობია როდის შეიკრიბებიან პროფესიული განვითარების საბჭოს წევრები.

26 წლის ზუკა ფაღავა 31 მარტს, კლინიკა „მედცენტრში“ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა, რამდენიმე საათში კი ზუკა გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება გახდა.პირველადი დიაგნოზი კი მოწამვლა იყო და პაციენტს შესაბამისი მკურნალობა უტარდებოდა.

ზუკა ფაღავას ოჯახის წევრები და კოლეგები მიიჩნევდნენ, რომ გარდაცვალების მიზეზი, შესაძლოა, არაკვალიფიციური დიაგნოზი და მკურნალობა ყოფილიყო.

ზუკა ფაღავას გარდაცვალების ფაქტის შესასწავლად ''სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს'' აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიმართა. პროცესს მონიტორინგს სახალხო დამცველი უწევს. 

ზუკა ფაღავას საქმე

ამავე კატეგორიაში