სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.
აფხაზეთში 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. აფხაზეთიდან დევნილი 300 ათასი ქართველი კი, უსახლკაროდ დარჩა.
''რუსეთი ოკუპანტია'', ''ამ ომში ორი მხარეა: რუსეთი და საქართველო'', ''დრო ვერ განკურნავს ოკუპაციას'', ''არც შენ გაჩერდე - აფხაზეთი საქართველოა'' - მოქალაქეები ამ ტრანსპარანტებით ენგურის ხიდისკენ მიემართებიან.
ისინი ოკუპაციას დღეს ამ ფორმით აპროტესტებენ.
#ძალა_ერთობაშია #დეოკუპაციის_დროა...
ენგურის ხიდთან საპროტესტო აქცია 15:00 დაიწყება.
თბილისიდან ენგურის ხიდამდე ფეხით ჩავიდა სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი. ცამეტდღიანი საპროტესტო მსვლელობა ენგურის ხიდთან სრულდება.
გიგამ სტარტი 14 სექტემბერს აიღო, 368 კილომეტრი გაიარა, რისთვისაც 312 საათი დასჭირდა.