პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ 24 სექტემბერს, აჭარაში, დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ შეხვედრებზე ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' მხრიდან მოსალოდნელია პროვოკაციები.
მმართველი გუნდის წევრები მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ და მოქალაქეებს სთხოვენ პროვოკაციებს არ აყვნენ.
ასევე ამბობენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში, ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებს მიეწოდება.
''ისევე, როგორც გასული წინასაარჩევნო კამპანიების პერიოდში, ნაციონალური მოძრაობა არც ამჯერად ცვლის მისთვის ჩვეულ მეთოდებს და კვლავაც ცდილობს წინასააჩევნო პროცესში პროვოკაციების გზით დაძაბულობის კერების შექმნას. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მოუწოდებს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებს, არ აყვნენ ნაციონალური მოძრაობის პროვოკაციებს და დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობის შემთხვევაში შეინარჩუნონ სიმშვიდე'' - წერია განცხადებაში.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობას ადგილობრივთან ერთად სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული საერთაშორისო დამკვირვებლები დაესწრებიან.