საქართველოს 28 მოქალაქე, რომლებსაც თურქეთში სეზონური სამუშაოების შემდეგ კუთვნილი ანაზღაურება არ მისცეს, კვლავაც თანხის აღებას ელოდება. მოტყუებული მოქალაქეებიდან 16 ამ დრომდე ორდუს გუბერნიაში, ქალაქ უნიეში, ქართველების მიერ ნაქირავებ ბინაში იმყოფება.
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც უკონტრაქტოდ მუშაობდნენ, თანხის გარეშე დარჩნენ, მათ საკვებითა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით ქალაქ უნიეში მცხოვრები ეთნიკურად ქართველები ეხმარებიან. ამავდროულად, თურქეთის მოქალაქეები ქართველებს იურიდიულ დახმარებასაც უწევენ.
ქართველები ხელშეკრულების გარეშე მუშაობდნენ, ამიტომ იურიდიულად არ აქვთ დავის საფუძველი. შესაბამისად, მათ ნაცვლად პოლიციასა და შესაბამის უწყებებს ეთნიკურად ქართველებმა მიმართეს. მომჩივანთა შორისაა იურიდიული სასამართლოების თარჯიმანი ზია ბაირაქი, რომელიც ამბობს, რომ ბიზნესმენი უკანონოდ ამუშავებდა სხვა ქვეყნის მოქალაქეებს.
"დამსაქმებელი სახელმწიფოს უმალავდა, რომ ამუშავებდა სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, ამიტომ არ უფორმებდა კონტრაქტებს. ამიტომ ჩვენ მას ვუჩივით, როგორც ამ ფაქტის დამალვისთვის, ასევე დასაქმებულების მოტყუებისთვის" - ამბობს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ზია ბაირაქი.
ბაირაქის შუამდგომლობის შედეგად, საქართველოს 16 მოქალაქე, რომლებიც თანხის გარეშე არიან თურქეთში, ქალაქ უნიეს მერიის დახმარებით დაბრუნდებიან საქართველოში.
საქართველოს 28 მოქალაქე თურქეთში სეზონური სამუშაოებისთვის ერთი თვის წინ წავიდა, რამდენიმე დღიანი მუშაობის შემდეგ, მათ კუთვნილი თანხა არ მისცეს, არ აწვდიდნენ არც საკვებს.