მსხვერპლზე ხელმეორედ თავდასხმის თავიდან ასაცილებლად, პოლიცია მოძალადეებს გააკონტროლებს

03 სექტემბერი 2018, 00:00 1843 ნახვა

1 სექტემბრიდან, პოლიციელებს მიეცათ უფლება გააკონტროლონ მოძალადეები, რომლებმაც ერთხელ უკვე იძალადეს ქალზე ან ოჯახის წევრზე და შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციელები სპეციალური კითხვარების საშუალებით შეისწავლიან კონკრეტულ შემთხვევას, ძალადობის ფაქტსა და მასში მონაწილე პირების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციას შეაგროვებენ. ეს მისცემთ სამართალდამცველებს საშუალებას, მოძალადისგან მოსალოდნელი რისკები განსაზღვრონ და თუ დიდია ძალადობის განმეორების თეორიული შანსი, მონიტორინგი გაუწიონ მოძალადეს. 

კონკრეტული გადაწყვეტილება უწყებამ მას შემდეგ მიიღო, რაც გახშირდა შემთხვევები, როცა მსხვერპლზე განმეორებითი ძალადობის ფაქტები განხორციელდა, მათ შორის რამდენიმე ფატალურად დასრულდა. 

ფატალურად  დასრულებულ ფაქტებს შორისაა  13 აპრილს, თბილისში მომხდარი მკვლელობა. 25 წლის ქალი შვილების თანდასწრებით, ცივი იარაღით მოკლეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი მოკლული ქალის მამინაცვალი აღმოჩნდა, რომელიც  დედასთან არსებული კონფლიქტის გამო დაესხა თავს.

მკვლელობამდე რამდენიმე ხნით ადრე, მსხვერპლი და დედა მამაკაცის მხრიდან მუქარის ფაქტებზე საუბრობდნენ და სამართალდამცველებს სთხოვდნენ პოტენციური მოძალადისგან დაცვას. ამ შემთხვევაში პრევენცია ვერ მოხდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, 2018 წლის ივლისში ოჯახში ძალადობის 478 ფაქტი აღრიცხეს. ეს 186.2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კერძოდ, 2017 წლის ივლისში ოჯახში ძალადობის 167 ფაქტი დარეგისტრირდა, აქედან გახსნილია - 113 საქმე.

ამავე კატეგორიაში