მელომანებით გადავსებული კორტები და აჟიტირებული პუბლიკა ლორენ ჰილის კონცერტზე. ბლექ სი ჯაზ ფესტივალის მესამე დღე ნამდვილად ვარსკვლავური აღმოჩნდა. ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი, რეპერი, პროდუსერი, მსახიობი, არა ერთი ჰიტის ავტორი, ამერიკული მუსიკალური ჩარტების ლიდერი და გაყიდული დისკებით ერთ-ერთი რეკორდსმენი - ბათუმში მუსიკოსთა 17 წევრიან ბენდთან ერთად ჩამოვიდა და ჯაზფესტივალის სტუმრებს დაუვიწყარი საღამო აჩუქა. საათნახევრიან კონცერტზე მომღერალმა შადეს, ბობ მარლის და სხვა ცნობილი შესმრულებლების რამდენიმე ქავერი, და მის რეპერტუარში არსებული ყველა ჰიტი შეასრულა, მათ შორის სიმღერა, ჯგუფ `ფუჯისის” ალბომიდან, რომელმაც ლორენ ჰილს პოპულარობა მოუტანა. საათნახევრის განმავლობაში მომღერალმა 39-ჯერ ახსენა `ჯორჯია” და მსმენელისთვის ბისზე ნამღერიც საქართველოს მიუძღვნა. ლორენ ჰილის კონცერტს 5 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო.