სურსათის ეროვნული სააგენტო, ხილსა და ბოსტნეულში ნიტრატების შემცველობას ამოწმებს. სპეციალისტებმა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ხილისა და ბოსტნეულის 60 ნიმუში აიღეს და კვლევისთვის ლაბორატორიაში გადააგზავნეს. პასუხების ნაწილი უკვე ცნობილია.
ლაბორატორიული კვლევის თანახმად, ნიტრატების გადაჭარბებული რაოდენობა გამოვლინდა ნესვის ორ ნიმუშში, რომლებიც ბათუმსა და ქუთაისშია აღებული.
''აღებულ ნიმუშებს კვლევა აკრედიტებულ ლაბორატორიებში ჩაუტარდა. ამ ეტაპზე ცნობილია 40 ნიმუშის შედეგი. ლაბორატორიული კვლევის თანახმად, ნიტრატების გადაჭარბებული რაოდენობა გამოვლინდა ნესვის ორ ნიმუშში, რომლებიც ბათუმსა და ქუთაისშია აღებული. ერთ შემთხვევაში ნიტრატების რაოდენობამ შეადგინა 480 მგ/კგ, ხოლო მეორე შემთხვევაში - 212 მგ/კგ (ნორმა - 90 მგ/კგ)'' - წერია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მაკონტროლებლების ინფორმაციით, სურსათს ბაზრიდან ამოიღებენ. კვლევის შედეგების შესახებ, ბიზნესოპერატორებს უკვე აცნობეს.
ნიტრატების შემცვლელობაზე ხილ-ბოსტნეულის კვლევა გრძელდება.
აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აღნიშნულ თემაზე მასალა 12 ივლის მოამზადა. მოქალაქეებს აინტერესებდათ იყო თუ არა სარეალიზაციოდ გამოტანილი საზამთრო და ნესვი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო?