ვინ მიდის და ვინ რჩება - რიჟვაძის კომენტარი საკადრო პოლიტიკაზე 

25 ივლისი 2018, 00:00 2527 ნახვა

აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარე ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიციაზე სამუშაოდ კვალიფიციურ და პროფესიონალ კადრებს იწვევს. 

თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ კონკურსი მალე გამოცხადდება.

''აღნიშნული თანამდებობა საკონკურსოა. შესაბამისად გამოცხადდება კონკურსი, ჩვენ რათქმაუნდა ვიწვევთ კვალიფიციურ და პროფესიონალ ადამიანებს, რომლებიც გვერდში დაგვიდგებიან, ბულვარის მართვაში და იმ საკითხების გადაჭრაში, რომელიც ზღვისპირა პარკს და ჩვენს ტურისტებს აწუხებს" - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ. 

12 ივლისს ბულვარის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა, რომ აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობას აღარ აპირებდა და შესაბამისად, კონკურსში მონაწილეობასაც არ მიიღებდა. მაჭუტაძის თქმით, ის დროებით დაისვენებს, შემდეგ კი კერძო სექტორიდან შემოთავაზებას დაელოდება. 

ეთერ მაჭუტაძე, ბათუმი ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორად 2017 წლის 10 იანვარს დაინიშნა, მანამდე კი ბათუმის მერიის ''გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების'' სამსახურს ხელმძღვანელობდა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს სხვა საკადრო ცვლილებებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სამთავრობო უწყებებში, სამინისტროებსა და დეპარტამენტებში არსებული ვაკანსიები კვირის ბოლომდე შეივსება. 

თორნიკე რიჟვაძემ დღეს  მხოლოდ ის დაადასტურა, რომ ტურიზმის დეპარტამენტის პოზიციაზე სულხან ღლონტი კვლავ იმუშავებს. 

"კვირის განმავლობაში ყველა სამინისტროში ხელმძღვანელი რგოლის დაკომპლექტება მოხდება. მთავრობის აპარატში მიმდინარეობს ფუნქციათა ანალიზი. ეს უკვე მოგვცემს შესაძლებლობას დეპარტამენტების დონეზე მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომელიც იქნება ოპტიმალური. იმ გამოწვევებთან და იმ ამოცანებთან, რომელიც მთავრობის აპარატს გააჩნია. შემდეგი კვირიდან უკვე გამართულად შეგვეძლება სრული შემადგენლობით მუშაობა'' - ამბობს თორნიკე რიჟვაძე. 

მთავრობის თავმჯდომარისა და მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების შემდეგ, უფლებამოსილება შეუწყდათ და ხელმძღვანელი პირების პოზიციები ვაკანტურია მთავრობას დაქვემდებარებულ დეპარტამენტებსა და სამმართველოებში.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი