ოჯახური დანაშაულის ბრალდებით 6 თვეში 1328 პირი დააკავეს - შსს

10 ივლისი 2018, 00:00 2563 ნახვა

ოჯახური დანაშაულის შესახებ მომართვიანობა ბოლო 6 თვეში საგრძნობლად გაიზარდა - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა. ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, 2018 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე პერიოდში ოჯახური დანაშაულის 2804 ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა - 1933 პირის მიმართ განხორციელდა, რაც წინა წლის მთლიან მონაცემს უტოლდება.

ოჯახური დანაშაულის ბრალდებით მიმდინარე წლის 6 თვეში დაკავებულია 1328 პირი.

მინისტრის მოადგილის განმარტებით,  2018 წლის 6 თვეში გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა (3292) 2017 წლის მონაცემს ორჯერ აღემატება.

''დაბალია შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის მაჩვენებელი, რაც მხოლოდ 7%-ს შეადგენს და ძირითადად “მიახლოების აკრძალვის” დარღვევაში გამოიხატება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას ახორციელებს არამხოლოდ სისტემის გარეთ, არამედ თავად სისტემის შიგნითაც. 2018 წელს გენერალური ინსპექციის მიერ ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების საფუძველზე, დისციპლინური სახდელი დაეკისრა პოლიციის 10 მოსამსახურეს. კერძოდ, ოჯახურ დანაშაულზე არასათანადო რეაგირების გამო დისციპლინური სახდელი დაეკისრა პოლიციის 4, ხოლო ოჯახური ძალადობის ჩადენის გამო 6 თანამშრომელს, რომელთაგან 3 დათხოვნილი იქნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებიდან'' - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. 

ამავე კატეგორიაში