მაღალი ტემპერატურის გამო, ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგში ცვლილებაა. 2 და 3 ივლისის ნაცვლად გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში 4-5 ივლისს ჩატარდება. აბიტურიენტები, რომლებიც გამოცდაზე 2 ივლისს, 14:00 საათზე, უნდა გამოცხადებულიყვნენ ამ გამოცდას ჩააბარებენ იმავე საგამოცდო ცენტრში, 4 ივლისს, 08:00 საათზე 3 ივლისს, 14:00 საათზე განაწილებული აბიტურიენტები გამოცდას ჩააბარებენ 5 ივლისს, 08:00 საათზე.
5 ივლისის ზოგადი უნარების გამოცდის პირველი და მეორე სესია ჩატარდება 7 ივლისს, ანალოგიური თანმიმდევრობით. იმის გათვალისწინებით, რომ აბიტურიენტების უმეტესობას უკვე ამობეჭდილი აქვს საგამოცდო ბარათი, აბიტურიენტის გვერდზე განთავსებულ ელექტრონულ ბარათში ცვლილებები აღარ შევა. აბიტურიენტი გამოცდაზე პირადობის მოწმობითა და საგამოცდო ბარათით უნდა გამოცხადდეს.