ერთ თვეში 2 საცხოვრებელ სახლში ლიფტმა მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა - უკონტროლო ლიფტები

26 ივნისი 2018, 00:00 7801 ნახვა

ბათუმში, ბოლო თვის განმავლობაში, 2 საცხოვრებელ სახლში ლიფტმა მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა. ერთ შემთხვევაში, ლიფტი ჩავარდა და შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, მეორე შემთხვევაში კი, ლიფტი მწყობრიდან გამოვიდა და დიდი სისწრაფით მოძრაობდა, თუმცა ის ცარიელი იყო. 

აღსანიშნავია, რომ ორივე სახლი ექსპლუატაციაშია შესული, თუმცა მერიას ჩაბარებული არ აქვს, შესაბამისად რამდენად შეესაბამება სახლის მშენებლობა სტანდარტებს ან რამდენად უსაფრთხოა ლიფტი,  მოხდა თუ არა კანონმდებლობის შესაბამისად შემოწმება, არავის გაუკონტროლებია.

პირველი შემთხვევა 2018 წლის 14 ივნისს მოხდა, ჯავახიშვილის 72 ნომერში მდებარე სახლის ლიფტი მოწყდა. ამ დროს კი ლიფტში ორი მოქალაქე იმყოფებოდა. მაღალი სართულიდან მოწვეტილი ლიფტის შედეგად ორივე მგზავრი დაშავდა, თუმცა ირაკლი შ. ფეხი ისე დაიზინა, რომ აუცილებელია ქირურგიული ჩარევა. დაზარალებული აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ამბობს, რომ უმძიმესი ოპერაცია ელოდება წინ, რადგან მყისები მთლიანად დაწყვეტილი აქვს. 

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა უკვე დაიწყო, გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 240 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პირი ჯარიმით ან ორი წლით გამასწორებელი სამუშაოებით ისჯება. მძიმე დაზიანების შემთხვევაში კი, თავისუფლების აღკვეთას ორ წლით  ითვალისწინებს. 

მეორე შემთხვევა, სადაც ლიფტის გაუმართაობამ მოქალაქეებს საფრთხე შეუქმნა გორგილაძის 28 ნომერში დაფიქსირდა. შედეგად არავინ დაშავებულა, ფაქტს მაუწყებლის თანამშრომელი კობა ფარტენაძე შეესწრო. "მე-7 სართულზე ვცხოვრობ, ახლა გადავედი ბინაში, კორპუსს ბევრი მაცხოვრებელი ჰყავს და ლიფტიც ჩვეულებრივ მუშაობდა. ხშირად გამოდიოდა მწყობრიდან, თუმცა აკეთებდნენ. ორი დღის წინ, გამოვიძახე და ვიდრე შევიდოდი კარის დახურვის გარეშე ჩავიდა ქვემოთ და გაეჭედა მე-4 და მე-5 სართულებს შორის, შემდეგ ძლიერი სიჩქარით ისევ მერვეზე ავარდა და ჩემს სართულზე დარჩენილი კარი მოგლიჯა" - ყვება კობა ფარტენაძე. 

მეორე ფაქტზე შს სამინისტროში განცხადება არ შესულა, თუმცა საქმეზე მოკვლევა შესაძლოა ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილებამ დაიწყოს. 

სწორედ ეს უწყება აკონტროლებს აჭარაში ლიფტების უსაფრთხოებას. ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების ხელმძღვანელი დავით ბერიძე ამბობს, რომ ქალაქში რისკფაქტორები ამ თვალსაზრისით გაზრდილია. 

"ჩვენი სამსახურში 4 ადამიანი მუშაობს, აქედან ერთი სამდივნოა, კონტროლს კი 22 მიმართულებით ვახორციელებთ, ლიფტები კი ერთ-ერთი ნაწილია. კანონმდებლობით, ჩვენ ლიფტების მონიტორინგი არ გვეხება, ჩვენ შემოსულ განცხადებების შეთხვევაში ვამოწმებთ ობიექტებს, ან გეგმიურად, 3 წელში ერთხელ ვაკონტროლებთ, რადმენად შეასრულეს კანონით დაკისრებული ვალდებულება ობიექტის მფლობელებმა, ამხანაგობებმა და შეამოწმეს ლიფტის უსაფრთხოება. რამდენად აქვთ გაფორმებული ხელშეკრულება კერძო პირთან, რომელიც სისტმატურად უვლის და პასუხისმგებელია ლიფტის უსაფრთხოებაზე. ბუნებრივია, ჩვენ მთელი ქალაქის მონიტორინგს ვერ ვახდენთ, მით უფრო ობიექტების, რომელიც ოფიციალურად ჩაბარებული არ აქვს მერიას და არ ფიქსირდება, როგორც ექსპლუატაციაში შესული სახლი, თუმცა იქ ცხოვრობენ მოქალაქეები და ჩართულია ლიფტები" - ამბობს დავით ბერიძე.

დავით ბერიძის განცხადებით, ახალაშენებულ კორპუსებს კანონმდებლობით მერია იბარებს და ამოწმებს ჩაბარების მომენტში, შეესაბამება თუ არა სახლი სტანდარტებს და არის თუ არა უსაფრთხო მოქალაქეებისთვის. თუმცა, ფაქტია რომ ჩაუბარებელ კორპუსებში მოქალაქეები შედიან საცხოვრებლად, წლები არ ხდება კორპუსის ჩაბარება და სივრცეები უკონტროლო რჩება - ასე გვიპასუხა უწყების ხელმძღვანელმა კითხვებზე, არის თუ არა ეს სფერო კონტროლირებადი. 

მაუწყებლის ინფორმაციით, ბოლო 7 თვეში, აჭარაში გეგმიური შემოწმების შედეგად 7 ობიექტი დაჯარიმდა (ჯარიმის ოდენობა დაბალია), 3 ობიექტი კი მოქალაქეების განცხადების საფუძველზე შეისწავლეს და კანონდარღვევა დაუფიქსირეს. უწყებაში ამბობენ, რომ ობიექტის შემოსწმებას მომხდარი ფაქტის შემდეგ ახდენს სამინისტრო, იშვიათი შემთხვევაა, როცა მოქალაქე პრევენციის მიზნით რეკავს. 

  

ამავე თემაზე: საზღვაო ჰოსპიტალში ლიფტის ჩავარდნის შედეგად ქალი დაიღუპა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი განაგრძობს თემაზე მუშაობას. 


ბუკლეტი სამინისტრომ დაამზადა და ამხანაგობებს დაურიგა, სადაც განმარტებულია კანონმდებლობით რა ვალდებულებები აქვთ ობიექტის მფლობელეს და მათ შორის "ამხანაგობებს". 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი