ექსპერტების დასკვნა და საქმესთან დაკავშირებული გარემოებები - ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი კომისიის წევრები 7 თვის წინ მოკლული არასრულწლოვნების მშობლებს და მათ ადვოკატებს ხვდება. მას შემდეგ რაც ზაზა სარალიძემ კომისიის წევრებს მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი ინფორმციები მიაწოდა, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
ზაზა სარალიძემ დღეს კონკრეტული გვარები დაასახელა, ვინც მისი ინფორმაციით შესაძლოა მკვლელობაში იყვნენ ჩართულები, ამბობს რომ სამ პიროვნებაზე ფლობს ინფორმაციას, მან ვრცლად ისაუბრა ვინმე გ.მ –ზე და ასევე მიხეილ კალანდიაზე. სარალიძემ და ოჯახის ადვოკატმა ასევე ისაუბრეს მირზა სუბელიანზე, რომელმაც მათი ინფორმაციით, გამოძიების მიმდინარეობას ხელი შეუშალა. მოკლული არასრულწლოვნის მამამ, დაასახელა პროკურორები, რომლებთანაც კითხვები აქვს. ზაზა სარალიძე არ ენდობა ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას.
ზაზა სარალიძე ამბობს, რომ ფარულად ჩაწერა რამდენიმე არასრულწლოვანი, რომლებიც საუბრობენ ინციდენტის დეტალებზე და ასახელებენ გვარებს. სარალიძის განცხადებით, არასრულწლოვნებმა სასამართლოზე ჩვენება რამდენჯერმე შეცვალეს, თან მშობლებიც არ აძლევდნენ საუბრის ნებას და სწორედ ამიტომ მიიღო მათი ფარულად ჩაწერის გადაწყვეტილება. სარალიძის საგამოძიებო კომისიის წევრებთან შეხვედრას ესწრებოდა სახალხო დამცველიც, რომლსაც ასევე არაერთი კითხვა აქვს საქმესთან დაკავშირებით, ნინო ლომჯარიას აინტერესებს რატომ ვერ დაადგინა გამოძიებამ მკვლელობაში მონაწილე პირების ვინაობა.
ამ წუთებში კომისია ლევან დადუნაშვილის მამას და ოჯახის ადვოკატს უსმენს, ამ პროცესის დასრულების შემდეგ კომისია აპირებს კონკრეტული პირები დაიბაროს რომლებთანაც ოჯახებს აქვთ კითხვები, უკვე ცნობილია რომ კომისია დაიბარებს ყოფილ გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძე.