"ვგმობთ რუსეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რაც ემსახურება ე.წ.„ახალ რეალობის“ კონსოლიდაციას. ჩვენთვის მიუღებელია რუსეთის სამხედრო ყოფის გაძლიერება სეპარატისტულ რეგიონებში და გამყოფ ხაზებზე ფიზიკური ბარიერების აგება" - განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები - ათი წელი რუსეთის შეჭრის შემდეგ“ - ევროპარლამენტში ამ თემაზე ისმენენ მოგერინის მოხსენებას.
"2008 წლის ომიდან 10 წლის თავზე არ შეგვიწყვეტია მუშაობა კონფლიქტის ჭეშმარიტი მოგვარებისა და მშვიდობისთვის.
ომის დროს ევროკავშირის შუამავლობით შესაძლებელი გახდა შემდგომი ესკალაციის შეჩერება და საომარი მოქმედებების დასრულება. მას შემდეგ, ევროკავშირი ცენტრალურ როლს ასრულებს კონფლიქტის შედეგების მართვაში, რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესებასა და გრძელვადიანი გადაწყვეტილების მოძებნაში.
მხარს ვუჭერთ ყველა იმ ინიციატივას, რაც ხელს შეუწყობს მხარეებს შორის ნდობის აღდგენას. ჩვენი ქმედებები კოორდინაციაშია და სრულად შეესაბამება საქართველოს მთავრობის პოლიტიკას.
ომიდან ათი წლის შემდეგ, კვლავაც გავაგრძელებთ მუშაობას კონფლიქტის მოგვარების, ადგილობრივი მოსახლეობის განვითარებისა და ღირსეული ყოფისთვის" - თქვა თავის სიტყვაში მოგერინიმ.