არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნა თეა წულუკიანის გადაყენებაზე აბსურდულია - საქართველოს მთავრობა

05 ივნისი 2018, 00:00 2405 ნახვა

საქართველოს მთავრობა არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას ეხმაურება, რომლითაც მესამე სექტორი თეა წულუკიანის გადადგომას სთხოვდა გიორგი კვირიკაშვილს. 

"მინდა, გამოვეხმაურო არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილის მოთხოვნას, რომელიც მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში მონაწილეობის სანაცვლოდ იუსტიციის მინისტრის გადადგომის პირობას აყენებს.

ჩვენ არაერთხელ ვთქვით და კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში მაქსიმალურად ფართო საზოგადოებრივ ჩართულობას უზრუნველვყოფთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ პროცესში საზოგადოების, აკადემიური წრეების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. იუსტიციის სამინისტრომ კანონის შესაბამისად პროცედურები უკვე დაიწყო.

მიუღებელია, რომ არასამთავრობოების ნაწილი, ულტიმატუმის ენით გვესაუბრება და ცდილობს, ბოიკოტის გამოცხადებით ეჭვქვეშ დააყენოს პროცესის ლეგიტიმაცია. მათ განცხადებებში იკვეთება საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანის მცდელობა, რაც ასევე სრულიად მიუღებელია. ამიტომ მოვუწოდებ მათ, ნუ გასცდებიან საკუთარი საქმიანობის მანდატს და თუ მათი მიზანი მართლაც პროცესის გამჭვირვალედ წარმართვაა, მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ თავიანთ გადაწყვეტილებებს.

რაც შეეხება იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადაყენების მოთხოვნას, ეს არის სრულიად აბსურდული და გონივრულ საფუძველს მოკლებული მოთხოვნა" - წერია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში" 

დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ბრიფინგი გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ "მოქმედ მინისტრს არ აქვს მორალური უფლება წარმართოს პროცესი და შეარჩიოს კიდევ ერთი ახალი მთავარი პროკურორი, რადგან ყველა წინა პროცესი არ იყო ეფექტური. თეა წულუკიანმა 5-ჯერ შეიცვალა პროკურორი, მაგრამ ამ უწყებამ საზოგადოების ნდობა მაინც ვერ მოიპოვა". 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი