ბულვარის ველობილიკებზე მოქალაქეები ხშირად შავდებიან

05 ივნისი 2018, 00:00 2047 ნახვა

ორი დღის წინ, ბათუმის ბულვარში, ველობილიკზე 12 წლის გოგო დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედიკოსებმა არასრულწლოვანს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს, მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა და კლინიკაში გადაყვანა საჭირო არ გახდა.

გოგონა, რომელიც დაშავდა, ბულვარში, ველობილიკზე გადაადგილდებოდა, სასწრაფო დახმარების ცენტრში ამბობენ, რომ მსგავსი შემთხვევები ხშირად ხდება.

ველობილიკზე ხან მოქალაქეები, ხანაც ველოსიპედისტები იღებენ მსუბუქ დაზიანებებს, რადგან ბილიკს მოქალაქეების დიდი ნაწილი სასეირნო ზოლად იყენებს. 

 

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ კანონმდებლობის მიხედვით, მათ წესის დარღვევის გამო შეუძლიათ მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებების მფლობელები დააჯარიმონ, რაც შეეხება მოქალაქეებს, ველობილიკზე სეირნობის გამო სანქციებს ვერ აკისრებენ და მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლებიან. 

"ჩვენი მონიტორინგის სამსახური ყოველდღიურ რეჟიმში აკონტროლებს ველოსიპედისტების მოძრაობას, უკვე 10-მდე ჯარიმა დაიწერა, დაჯარიმდნენ ის ველომოყვარულები, რომლებიც პრომინათის, ანუ ქვეითთა სასეირნო ზოლზე გადავიდნენ.

რაც შეეხება მოქალაქეების დაჯარიმებას, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტები ხშირია, ველობილიკეზე მოძრაობენ და დაშავების შემთხვევებიცა არის, მათ ვერ ვაჯარიმებთ, რადგან კანონი ამის უფლებას არ გვაძლევს" - ამბობენ ბულვარის ადმინისტრაციაში. 

თუმცა, დაცვის პოლიცია და მონიტორინგის სამსახური, ხშირად მოუწოდებს მოქალაქეებს ველოტრასის გათავისუფლებისკენ. 

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია, წელს, მილიონნახევარ ლარზე მეტს დახარჯავს  ველობილიკის რეაბილიტაციისთვის – ივნისის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი ვინ მოიგებს ტენდერს. 

პროექტი “ალი და ნინოს” სკულპტურიდან ამფითეატრამდე მონაკვეთს მოიცავს. გათვალისწინებულია ფილების ბეტონის საფარი ჩანაცვლება, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა და ხელახლა შეღებვა. სამუშაოები ოქტომბრის მეორე ნახევარში უნდა დაიწყოს და 2019 წლის იანვარში დასრულდეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი