'' პრემიერისგან გვაქვს პირობა, რომ ყველა ჩვენი მოთხოვნა დეტალურად იქნება შესწავლილი'' - მარიამ კუბლაშვილი

04 ივნისი 2018, 00:00 2114 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრთან მალხაზ მაჩალიკაშვილის ოჯახისა და ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის შეხვედრა დასრულდა. უფლებადამცველის თქმით, გიორგი კვირიკაშვილისგან პირობა მიიღეს, რომ საქმეს პირად კონტროლზე აიყვანს.

მისი თქმით, პრემიერმა მათი პოზიცია მოისმინა და გარკვეული საკითხები მოინიშნა.

''ჩვენ დეტალურად გავიარეთ ყველა საკითხი, რაც ამ ეტაპზე აქტუალური იყო. ჩვენ ვითხოვდით თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტის შესწავლას. პრემიერმა ყველა დეტალი ჩაინიშნა. გიორგი კვირიკაშვილმა საქმის დეტალები უკვე იცოდა. მოგვცა პირობა, რომ პირად კონტროლს გაუწევს და საკითხს შეისწავლის, შესაბამის უწყებებთან კომუნიკაციით. ვინ იქნება დასჯილი, რა მოხდება, ამაზე წინასწარ ვერ გვექნება პასუხები. თუმცა ჩვენს მოთხოვნებზე, ის რაც ადეკვატურია, უშუალოდ შეისწავლის და მოხდება რეაგირება. კონკრეტული შედეგი, რომ ხვალ დაისჯება დამნაშავე, არ გვაქვს, თუმცა გვაქვს პირობა,  ყველა ჩვენი მოთხოვნა იქნება დეტალურად შესწავლილი და მასზე რეაგირება აუცილებლად იქნება, თუკი ამის საფუძველი იარსებებს“, - განაცხადა  განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა. 

ადვოკატის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა გონივრულ ვადაში, აქციები დაიწყება. ''თუ არ დაისაჯა დამნაშავე და ვერ ვიპოვით სამართალს, აქციები იქნება, კიდევ უფრო მასშტაბური. საკითხის განხილვა და საქმის გადახედვა გონივრული ვადაში უნდა მოხდეს, დაახლოებით 10- 14 დღეში'' - განაცხადა შეხვედრის შემდეგ კუბლაშვილმა. 

შეხვედრას პრემიერ მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. 

შეხვედრა გიორგი კვირიკაშვილთან მხარეების გადაწყვეტილებით, სარალიძისა და მაჩალიკაშვილს შორის ცალცალკე გაიმართა. 

19 წლის მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი 26 დე­კემ­ბერს პან­კის­ში სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს თა­ვის არე­ში დაჭ­რეს, ის რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. 

ამ წუთებში კი მთავრობის მეთაური, ხორავას ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდის ოჯახის წევრებს ესაუბრება. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში