მეტროს მემანქანეების გაფიცვის გამო, თბილისში ყველა მეტროსადგური დაკეტილია. ისინი ამ ფორმით ხელფასების გაზრდას ითხოვენ.
დღეს დილით მოქალაქეებს მეტროს შესასვლელში წარწერა დახვდათ – „მეტრო დაკეტილია, გთხოვთ ისარგებლოთ ავტობუსებით. ავტობუსები მოგემსახურებათ უფასოდ”.
გლდანში, დეპოს მიმდებარე ტერიტორიაზე „ერთობა 2013“-ის წევრები ამ წუთებში აქციას მართავენ. ისინი შიმშილობის დაწყებასაც გეგმავენ.
ფაქტს თბილისის მერი ბრიფინგზე გამოეხმაურა. კახი კალაძემ მემანქანეების გაფიცვა შანტაჟად შეაფასა.
''მე, როგორც თბილისის მერი, რომელიც ანგარიშვალდებულია მერიის მუნიციპალიტეტის 24000-ზე მეტი თანამშრომლისა და დედაქალაქში მცხოვრები მილიონ ნახევარი მოსახლის წინაშე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არ დავუშვებ, რომ თბილისის მოსახლეობა დაზარალდეს შანტაჟისა და გაურკვეველი, სრულიად დაუსაბუთებელი ულტიმატუმების გამო'' - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მეტროს მემანქანეთა გაფიცვის პერიოდში თბილისში, მუნიციპალური ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ.
მეტროს მემანქანეებს „სამუშაო საათების განმავლობაში“ გაფიცვის უფლება, თბილისის საქალაქო სასამართლომ განუსაზღვრელი ვადით, 21 მაისს შეუზღუდა.