ზაზა სარალიძე პარლამენტთან აქციაზე მივიდა

03 ივნისი 2018, 00:00 2729 ნახვა

ზაზა სარალიძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდა. სარალიძე პარლამენტის შენობასთან მივიდა და აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მისი თქმით მოთხოვნები არ შეცვლილა და ის ბრძოლას აგრძელებს. 

''თქვენს გვერდით ვიქნები, როგორც თქვენ ხართ ჩემს გვერდით, მოთხოვნები არ იცვლება. კაცი სიტყვას რომ იტყვის ის არ უნდა შეასრულოს? მე ჩემს შვილს მივეცი პირობა, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება, სისტემა უნდა დაინგრეს. სადაც საშუალება მექნება, სადაც ვიგრძნობ სულ მხარდაჭერას ყველგან წავალ. სადაც სიმართლეა იქაა უფალი. ბრძოლა ბოლომდე, არცერთი ნაბიჯით უკან'' - განაცხადა ზაზა სალარიძემ. 

ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილი არასრულწლოვანის მამა საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

''ამ ბრძოლას თქვენი დახმარებით აუცილებლად მოვიგებთ. ყველას მოვუწოდებ, რომ გავერთიანდეთ და დავამარცხოთ ეს სისტემა, რომელიც კლავს. პოლიტიკოსებს გუშინაც მივმართე, ჩემი თანხმობა მათ მიმართ ძალაშია. მადლობა სახალხო დამცველს, ვაკის პარკში მიმდინარე აქციაზე მასზე  ზეწოლა განახორციელეს. ჩვენ ვიბრძვით სამართლიანობისთვის და არა ზეწოლისთვის, არ ვიცი იქ რა მოხდა, მაგრამ იქ ვინც იდგნენ ახალგაზრდები, დიდი საფრთხის ქვეშ იყვნენ.ამ აქციის უკან ვიღაც იდგა. ნებისმიერ ადამიანს მოვუწოდებ შემოგვიერთდნენ აქ და ვიბრძოლოთ სამართლიანობისთვის. ვისაც საქართველოს მომავალი აინტერესებს აქ უნდა იდგეს'' - ამბობს სალარიძე. 

ზაზა სალარიძის თქმით, მისი მეუღლე ძალიან ცუდად არის, რის გამოც აქცია უნდა დატოვოს.

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა, აცხადებს, რომ ხვალ, 14:00 საათისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას გეგმავს.

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე განმარტავს, რომ გიორგი კვირიკაშვილთან აუდიენცია შეთანხმებული არ არის. ის იმედს გამოთქვამს, რომ შეხვედრა ხვალ შედგება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში