ე.წ. "ციანიდის საქმის" ერთ-ერთი ადვოკატი, გიორგი ფანცულაია დეკანოზი გიორგი მამალაძის შეწყალების მოთხოვნით ხელწერილებს აგროვებს. ინფორმაცია ადვოკატმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. ფანცულაია ბლანკსაც ავრცელებს და ითხოვს, რომ ის მოქალაქეებმა შეავსონ.
"ცხოვრებაში პირველად მოგმართავთ მსგავსი თხოვნით! ეს სტატუსი წაიკითხეთ და გააზიარეთ!!!
დეკანოზი გიორგი მამალაძე უნდა შეიწყალოს საქართველოს პრეზიდენტმა, ამისთვის კი საჭიროა თქვენი პოზიციის დაფიქსირება, თუ რამდენი ხართ ამის მომხრე!
ის რომ დეკანოზი გაუკუღმართებული მართლმსაჯულების და სისტემის მსხვერპლია, ეს ყველამ ვიცით და თუ ამას საქართველოს უზენაესი სასამართლო არ აღიარებს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო მაინც დაადასტურებს! მაგრამ ამ ყოველივეს შესაძლოა დასჭირდეს წლები, ანუ წლების განმავლობაში დეკანოზის უკანონო პატიმრობაში ყოფნა!
ამიტომ გთხოვთ ვიაქტიუროთ ვისაც სურვილი გაქვთ, აქ არის ბლანკი სადაც უნდა ჩაიწეროს თქვენი ხელმოწერები! რაც მეტი ადამიანი მოიტანს ამ ბლანკს შევსებულს, მით უფრო მეტნი ვიქნებით!!!
ჩვენ არ ვართ პოლიტიკური პარტიები, რომ დიდი ადამიანური რესურსი გვქონდეს, ამიტომ თქვენი გვერდში დგომა აუცილებელია!
ასევე, ქალაქის მეტროსადგურებთან გაიხსნება ხელმოწერის პუნქტები! ხოლო დეკანოზი უკვე თავისუფლებაზე ყოფნით გააგრძელებს საკუთარი სიმართლისთვის ბრძოლას და არა ციხის ბნელ კედლებიდან!!!
#თავისუფლება #მამა #გიორგის!" - წერს ფანცულაია.
დეკანოზი გიორგი მამალაძეს, 13 თებერვალს, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ მკვლელობის მომზადებისთვის 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. გიორგი მამალაძე დამნაშავედ იქნა ცნობილი იარაღის უკანონოდ შეძენა - შენახვაშიც.