''ასიდან, ოთხი მოწმის გარდა, არავინ აძლევს გამოძიებას ინფორმაციას, თუ ვინ გამოიყენა დანა'' - ირაკლი შოთაძე

31 მაისი 2018, 00:00 1437 ნახვა

"საზოგადოებამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ კრიმინალთან ბრძოლა და უსაფრთხოების სადარაჯოზე დგომა, თქვენი მხარდაჭერის გარეშე არის ურთულესი" - განაცხადა საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და იმ პრობლემაზე ისაუბრა, რომლის წინაშეც პროკურატურა გამოძიების პროცესში აღმოჩნდა. 

"მინდა ზაზა სარალიძეს ვუთხრა, რომ ჩვენ ვართ ღია და არაფერს არ ვემალებით. მე არ ვემალები არანაირი პასუხიმგებლობას და პასუხისმგებელი ვარ თითოეული ჩვენი პროკურორის საქმიანობაზე, თუმცა საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა ავუხსნა, რომ გამოძიებამ და პროკურატურამ გააკეთეს ყველაფერი, ამ ეტაპზე რისი გაკეთებაც სამართლებრივად შესაძლებელი იყო. როგორც იცით, ეს სისხლის სამართლის საქმე ეხებოდა არასრულწლოვან ბრალდებულებს, შესაბამისად, კანონით დადგენილი არის შეზღუდული ვადა და ეს გამოძიება მიმდინარეობდა შეზღუდულ ვადებში, 40 დღის განმავლობაში, რასაც ითვალისწინებს კანონმდებლობა. 

ხაზი მინდა გავუსვა იმ საგამოძიებო პრობლემატიკას, რასაც გამოძიება ამ საქმის პროცესში წააწყდა. როდესაც ვსაუბრობ ჩემს პასუხისმგებლობაზე, მე ეს პასუხიმგებლობა კარგად მაქვს გათვითცნობიერებული, მაგრამ, ჩვენ ყველამ, მთელმა საზოგადოებამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ კრიმინალთან ბრძოლა მართლწესრიგით და უსაფრთხოების სადარაჯოზე დგომა, თქვენი მხარდაჭერით და გვერდში დგომის გარეშე არის ურთულესი. მე მინდა ხაზი გავუსვა იმ  საგამოძიებო პრობლემატიკას, რასაც ჩვენ წავაწყდით ამ საქმეზე სამართალწარმოების პროცესში. ამ ინცინდენტში მონაწილეობდა ათობით ადამიანი, ახალგაზრდა. საქმეზე დაკითხულია ასი მოწმე, ასი მოწმიდან, ოთხი მოწმის გარდა, არავინ არ აძლევს გამოძიებას ინფორმაციას, თუ ვინ გამოიყენა დანა. არავინ ამბობს, თუ ვის ჰქონდა დანა და ქონდათ თუ არა საერთოდ" - განაცხადა შოთაძემ. 

საქართველოს მთავარი პროკურატურა ამბობს, რომ გაგრძელდება დაკითხვები და იმედს იტოვებს, რომ ვინმე ამ საქმეზე დამატებით, არსებით ინფორმაციას მიაწოდებს  გამოძიებას.   

"საზოგადოება ვხედავთ, რამხელა ინტერესია ამ საქმის მიმართ. თუ ვინმემ რამე იცით ამ საქმეზე, მოვუწოდებთ მიაწოდონ სამართალდამცველებს ინფორმაცია, ყველას მოგიწოდებთ, თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია, ითანამშრომლეთ გამოძიებასთან" - განაცხადა შოთაძემ

ამავე კატეგორიაში