დღეს განსაკუთრებულად აღინიშნება 17:10 საათი, ზუსტად ის დრო, როდესაც 1918 წელს, ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. თბილისში, 100 წლის წინანდელი მოვლენის თეატრალიზებული ინსცენირება მოეწყობა. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სახელმწიფოს მეთაურები და მაღალი რანგის სტუმრები.
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, საგანგებოდ ამ დღისთვის საქართველოში ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ჩამოვიდა. საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ისტორიული დიასპორის წარმომადგენლები, მათ შორის: ნოე ჟორდანიას, აკაკი ჩხენკელის, ნოე რამიშვილის, ნოე ხომერიკის, გენერალ გიორგი კვინიტაძის, მამია ბერიშვილის შთამომავლები.
ასევე, ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები. მათი ინიციატივით საქართველოს ეროვნულ მუზეუმს საჩუქრად ქაქუცა ჩოლოყაშვილის ჩოხა გადაეცემა. დღესვე საზოგადოებას პირველად წარედგინება გენერალ გიორგი კვინიტაძის აღდგენილი შესამოსელი, მისი ხელნაწერები და ხმოვანი ჩანაწერები.