30 მაისს, 11 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იმაზე იმსჯელებს, მიიღებენ თუ არა წარმოებაში საკონსტიტუციო სარჩელს, რომლითაც მოქალაქეებს მარიხუანას მოხმარებაზე უკვე ადმინისტრაციული ჯარიმაც გაუუქმდებათ. ანუ, მარიხუანას მოწევისთვის არც ჯარიმა დაეკისრებათ.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კანაფისა და მარიხუანას მოხმარება უკვე აღარ ითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად და მისი განმეორებითი მოხმარებისთვის, პირს სისხლის სამართლებლივი პასუხისმგებლობა აღარ ეკისრება. ამ გადაწყვეტილებით მოხდა მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაცია , თუმცა პარტია "გირჩის" პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე და მოქალაქე ვახტანგ მეგრელიძე ითხოვენ, რომ მარიხუანას მოხმარება ლეგალიზებული გახდეს.
"იმისათვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვას ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე, მან უარი უნდა თქვას ჩვენს მიერ უკვე მოგებული საქმე #732-ის ლოგიკაზე.
თუ ამ საქმეს მოვიგებთ, მარიხუანა საქართველოში იქნება სრულად ლეგალური.
ლეგალური!
ეს არის ბრძოლა, რომელზეც ჩვენ ყველამ დავხარჯეთ ბევრი წელი,
ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის!
და თავისუფლება იწყება შენი სხეულიდან!
კი, ჩემი სხეული არის ჩემი! მეტი არავისი! და რასაც მინდა იმას ვუზამ!
ან გჯერა ამ მარტივი ჭეშმარიტების ან იბლანდები საზოგადოებრივი საკუთრების ტრაგიკულ და სასაცილო ლაბირინთებში
და შემდეგ ამთავრებ წითელი ან შავი ტოტალიტარიზმით.
მე მჯერა რომ ეს ბრძოლა მოგებულია, თავისუფლებას წინ ვერაფერი დაუდგება" - წერს სოციალურ ქსელში ზურაბ ჯაფარიძე.