საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტში 12 მაის რამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების შესახებ დეტალურად ისაუბრა. გიორგი გახარია ამბობს, რომ სპეცოპერაციებს წინ უძღოდა. სამთვიანი საგამოძიებო მოქმედებების, რის შედეგადაც დადასტურდა რომ კლუბებში ნარკოტიკები სისტემატურად იყიდებოდა.
''ფაქტობრივი მასალებით იყო დადასტურებული, რომ ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვა კლუბებში მიმდინარეობდა სისტემური სახით. ჩვენ საკონტროლო შესყიდვების მაგალითზე, პირდაპირ ვადასტურებთ, რომ კონკრეტული ადამიანები კონკრეტულ კლუბებში სისტემურად, სხვადსხვა დროს ახორციელებდნენ ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვას. გადაღებულია, საკონტროლო შესყიდვის 20 მეტი ფაქტი კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეს არის ნიშნავს სადმე სხვა უბანში, ეს არის კლუბის წინ, ან გვერდით. როცა მტკიცებულებები გაგვაჩნია, უნდა შევსულიყავით თუ არა კლუბში? ვფიქრობ, აქ კითხვის ნიშნები არ არსებობს, აბსოლუტურად გვაქვს შინაგანი რწმენა იმაში, რომ სწორად და ჩვენი მოქალაქეების უფლებების მაქსიმალური დაცვით მოვიქეცით. თუ ერთი ფაქტი მაინც უფლებამოსილების გადამეტების დადასტურება, ამაზე ღია ტრანსპარენტული რეაქცია გვექნება",- განაცხადა მინისტრმა.
გიორგი გახარიამ იმ მტკიცებულებებზე ისაუბრა, რომელიც სამართალდამცავებს ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ გააჩნიათ.
''ერთ-ერთი კლუბის წინ, შესასვლელთან, ორი ახალგაზრდა ხვდება ერთმანეთს, ერთი კლუბიდან გამოდის, ისინი საუბრობენ ნარკოტიკული საშუალების ყიდვა-გაყიდვის აქტზე, რომლის დროსაც შეთანხმება ხდება ფასზე, შემდგომ მყიდველი გადასცემს თანხას და ამბობს, კონკრეტული თანხა არ მაქვსო, ხურდაზეა საუბარი. გამყიდველი იღებს თანხას, შედის ყევლანაირი დაცვის ავლით კლუბში, ბრუნდება კლუბიდან, გადმოსცემს კონკრეტულ ნარკოტიკულ საშუალებას და ხურდას აბრუნებს'' - ამბობს შინაგან საქმეტა მინისტრი.
გიორგი გახარიას თქმით, კლუბების მფლობელებს სამინისტროსთვის დახმარების თხოვნით არც ერთხელ არ მიუმართავთ.
„ხელმძღვანელობის მხრიდან არ ყოფილა, რომ მათ მიემართოთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და ეთხოვათ, დავხმარებოდით ამ პრობლემის გადაწყვეტაში. მაშინ, როდესაც ჩვენ ვხედავთ მტკიცებულებებით, ადამიანები, რომლებიც ვაჭრობენ ნარკოტიკული საშუალებებით, ჩვეულებრივად, ყოველგვარი დაცვის გვერდის ავლით შედიან-გამოდიან, ერთი და იგივე კლუბებში. ვხედავთ, რომ ეს ადამიანები ამ კლუბის ადმინისტრაციის წარმომადგენლები არიან, ეს სისტემური პრობლემაა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შინაგან საქმეთა მინისტრი ფიქრობს, რომ ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის დრო, სწორად იყო შერჩეული. გიორგი გახარიას თქმით, 12 საათზე კლუბებში მინიმალური რაოდენობის ხალხი იმყოფებოდა, მათი მაქსიმალური რაოდენობა კი ჯერ კიდევ ფხიზელი იყო.
''არჩევანი გავაკეთეთ ამ დროზე და არა სპეცოპერაციის გამთენიისას ჩატარებაზე, სადაც უფრო მეტი არაფხიზელი ადამიანი იქნებოდა, ვითარება კი არაპროგნოზირებადი და უკონტროლო. ვერ მანახებთ ერთ ადამიანსაც კი, რომელსაც თმის ღერიც ჩამოუვარდა ამ დღეს, რომელიც შიგნით იმყოფებოდა'' - განაცხადა მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
12 მაისს, ღამით, თბილისში კლუბ ''ბასიანსა'' და ''კაფე გალერიში'' შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია ჩაატარა. დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი.