სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 9 აპრილის მემორიალზე ცეკვის ფაქტს სოციალურ ქსელში სტატუსით ეხმაურება. ომბუდსმენი ამბობს, რომ 9 აპრილს ახალგაზრდები სწორედ თავისუფლებისთვის იბრძოდნენ.
მათ არ უნდოდათ ვინმეს ეკარნახა, რა როგორ უნდა გაეკეთებინათ, სად ეცეკვათ და ემღერათ.
''მშვენიერი შესრულება გოგოსგან, რომელმაც 9 აპრილის მემორიალზე იცეკვა... 9 აპრილი, დღე, როცა ახალგაზრდები იმისთვის დახოცეს, რომ არ უნდოდათ ვინმეს ეკარნახა როდის, როგორ ან რანაირად უნდა ეცხოვრათ და თუნდაც, ეცეკვათ და ემღერათ... ამ მემორიალის შეურაცხყოფა კი ის ღიად ფაშისტური განცხადებებია, რომლებიც თითქოსდა მისი დაცვის მიზნით კეთდება'' - წერს ნინო ლომჯარია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
თბილისში, რუსთაველი გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ერთ-ერთმა მონაწილემ 9 აპრილის მემორიალზე იცეკვა. ფაქტს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოყვა.
განმარტებები ''თეთრი ხმაურის მოძრაობის'' ერთ-ერთმა ლიდერმაც გააკეთა.
"ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ეროვნულ გმირებს. ვიცით, რომ ისინი ჩვენი თავისუფლებისთვის იბრძოდნენ და დღეს რომ აქ ვდგავართ, მათი დამსახურებაა. ჩვენ ქედს ვიხრით მათი ღვაწლის წინაშე. ვინც შეურაცხყოფად მიიღო ცეკვა, შევახსენებთ რომ 9 აპრილს დაღუპულებიც ცეკვავდნენ და მღეროდნენ, როცა ისინი დაარბიეს. ისინი რომ ჩვენს გვერდით ყოფილიყვნენ, ასევე მოიქცეოდნენ",- თქვა ბექა წიქარიშვილმა.