სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, 12 მაისს, გვიან ღამით ნარკორეალიზების ბრალდებით დაკავებული რვა ადამიანი სპეცოპერაციამდე დააკავეს. ლომჯაია აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია დაკავებულებმა მიაწოდეს.
“წუხელ, როდესაც უშუალოდ აქციაზე ვიმყოფებოდი, განვაცხადე, რომ ალბათ, ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რაც მეც მქონდა, რამდენად იყო აუცილებლობა აი ამ ფორმით, სპეცოპერაციის გზით, კლუბის ტერიტორიაზე შესვლის. მე ეს კითხვები დავუსვი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს. მათი განცხადებთ, არსებობდა სასამართლოს განჩინება ჩხრეკასთან დაკავშირებით გამომდინარე იქიდან, რომ თითქოს არსებობდა ინფორმაცია, იქ იყო და საღდებოდა ნარკოტიკული საშუალება. ეს არის ის, რაც მე ზეპირად მოვისმინე, თუმცა კითხვები კვლავ მაქვს. რა თქმა უნდა, უფრო დასაბუთებული მოსაზრება რომ მქონდეს, უნდა ვნახო სასამართლოს განჩინება და ასევე, გამოვითხოვთ იმ უწყვეტ ვიდოეჩანაწერს, რომელიც ასახავს კლუბის ტერიტორიაზე ჩატარებულ ჩხრეკას იმისთვის, რომ ვნახოთ, რეალურად ამოიღეს თუ არა ნარკოტიკული საშუალება და შევაფასოთ, რამდენად იყო აუცილებლობა აი ამ ფორმით განხორციელებულიყო ჩხრეკა”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
12 მაისს ღამის პირველ საათზე შსს-ს კლუბ ბასიანსა და კაფე გალერიში სპეცოპერაცია დაიწყო. ოფიციალური განცხადებით, ძალოვანებმა ნარკორელიზების ბრალდებით რვა პირი დააკავეს.
უწყების განმარტებით, სპეცოპერაცია იმ დროს დაიწყო, როდესაც კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების გასაღება უნდა მომხდარიყო.