ბათუმში აქციის დროს დაკავებულები გაათავისუფლეს

12 მაისი 2018, 00:00 2519 ნახვა

ბათუმში აქციის დროს დაკავებულები, რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლეს.  

''დაგვკითხეს, დავწერეთ ყველაფერი რაც იყო, ხელი მოვაწერეთ და გაგვათავისუფლეს'' - განცხადა წინასწარი დაკავების იზოლატორთან, აქციის დროს დაკავებულმა ერთ-ერთმა პირმა. 

ყოფილი ''კაგებეს'' შენობასთან აქციის  მონაწილეები იმყოფებოდნენ, ისინი პოლიციის ქმედებას საყვირებითა და სასტვენებით, აპროტესტებდნენ. ერთ -ერთი აქციის წევრი, გიორგი ქათამაძე ამბობს, რომ ამ ქვეყანაში პოლიციური რეჟიმი უნდა დასრულდეს. 

''პოლიციის მხრიდან, ერთხელ და სამუდამოდ თუ არ დასრულდება ასეთი მიდგომა ჩვენ უფრო მეტნი გავხვდებით, პოლიცია განსაკუთრებით აგრესიული ახალგაზრდების მიმართ იყო, ეს უნდა დამთავრდეს. ამ ძალადობისთვის შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა გადადგეს და იცოდეს, რომ ყველა ასეთი ქმედება უკურეაქციას გამოიწვევ" - ამბობს გიორგი ქათამაძე. 

კიდევ ერთი აქციაზე დაკავებული და გათვაისუფლებული გიორგი ბოლქვაძე კი ამბობს, რომ პოლიციამ იგი გაუგებრობის გამო დააკავა. 

''აქციაზე მივდიოდით, გოგო დააკავეს, რაღაც გაუგებრობა მოხდა და მეც გამიყოლეს. ჩემზე არანაირი ტიპის ძალადობა არ ყოფილა. ხელწერილები დაგვაწერინეს რომ საჭიროების შემთხვევაში პოლიციაში გამოვცხადდებით"' - ამბობს გიორგი ბოლქვაძე

მარიამ ბეჟანიშვილი ამბობს, პოლიციელისადმი სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისთვის დააჯარიმეს. 

ბათუმში მიმდინარე აქციაზე, მსვლელობის დროს პოლიციამ სამი პირი დააკავა. სამართალდამცველებმა მოქალაქეები მემედ აბაშიძის ქუჩაზე აიყვანეს.

რა მიზეზით დააკავეს ახალგაზრდები ჯერ-ჯერობით უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. 

“ჩვენ ერთად ვცეკვავთ, ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ" – ამ ლოზუნგებით აქციის მონაწილეები თბილისში ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის ფორმებს და ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ. 

კლუბ „ბასიანში“ და კაფე „გალერიში“ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.

ამ წუთებში, აქციის მონაწილეები კვლავ ევროპის მოედნისკენ მიემართებიან.

ამავე კატეგორიაში