საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ გუშინ ჩატარებული სპეცოპერაციის ფორმებმა მოქალაქეებში ბევრი კითხვები გააჩინა, ამიტომ შსს-მ დეტალურად უნდა გასცეს პასუხი, რატომ დაიგეგმა სპეცოპერაციის ეს ფორმა და შეირჩა კონკრეტული დრო.
"შსს-ს აქვს ნარკოტიკების რეალიზაციასთან ბრძოლის ვალდებულება და უნდა იმუშაოს ეფექტურად, თუმცა, რაც გუშინ ვნახეთ, ცხადყოფს, რომ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ყველა ფაქტი, სწრაფად და დეტალურად უნდა იყოს შესწავლილი" - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ასევე, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ დღეს 3 საათზე ახალგაზრდები აპირებენ კონსტიტუციური უფლების გამოყენებას და აქციის გამართვას. ნაცვლიშვილმა მკაცრად გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ შს სამინისტროს აქვს ვალდებულება უზრუნველყოს აქციის მშვიდად ჩატარება.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ სასურველია აღმასრულებელი ხელისუფლება პარლამენტში მივიდეს და განმარტებებიც გააკეთოს.
"უნდა მოხდეს საპარლამენტო ფორმატის გამოყენება და აღმასრულებელ ხელისუფლებს დეპუტატებმა უნდა დაუსვან კითხვები, დაიბარონ მთავრობა ან მინისტრი, ეს პარლამენტის გადასაწყვეტია" - განაცხადა ნაცვლიშვილმა.