ბიძინა ივანიშვილი სამ მიზეზს ასახელებს, რატომაც გადაწყვიტა ისევ დაბრუნებულიყო პარტიაში. მისი თქმით, ქვეყანაში, ობიექტურად მძიმე სოციალური ფონია, დესტრუქციული პოლიტიკური ოპონენტები და ხელისუფლებაში "უმნიშვნელო" გაუგებრობებია.
„ჩვენ ვდგავართ ძალზე მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე, რასაც პირობითად სამი მიზეზი განსაზღვრავს და უქმნის ნოყიერ ნიადაგს: პირველი მიზეზია ობიექტურად არსებული არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ამ ისედაც რთული ვითარების კიდევ უფრო მძაფრ, ხელოვნურად დამძიმებულ ფერებში წარმოჩენის განუწყვეტელი მცდელობები; მეორე – ოპონენტების უმრავლესობისგან მომდინარე უკიდურესად დესტრუქციული მუხტი და ბოლოს, მესამე – ხელისუფლების შიგნით არსებული, მართალია სუსტი, მაგრამ მაინც სრულიად არასაჭირო, უსაფუძვლო და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი გაუგებრობები“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.