‘’ქართული ოცნების’’ დეპუტატთა ნაწილი ფიქრობს, რომ არსებული სიტუაციიდან გამოსავალი დეკრიმინალიზაციაა. აკაკი ზოიძის თქმით, მნიშვნელოვანია ქვეყანაში ნარკოტიკის მომხმარებელთა რაოდენობა შემცირდეს, ამისთვის კი პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს და ბიუჯეტში თანხები გაიწეროს.
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ახალი ნარკოტიკული საშუალებები, რომლებსაც ახალგაზრდების სიცოცხლე ემსხვერპლა, მსუბუქი ნარკოტიკების საფარქვეშ ვრცელდება.
‘’ეს არის დიდი ტრაგედია. ეს არის უზარმაზარი პრობლემა, რომელიც მთელ მსოფლიოს აწუხებს, მათ შორის ამერიკასა და კანადასაც. ეს ნარკოტიკული საშუალება იმდენად ძლიერია, რომ სუნთქვის დათრგუნვას იწვევენ.’’
ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა, რამდენიმე კვირაში დასრულდება.
ბოლო პერიოდში, საქართველოში ათამდე ახალგაზრდა გარდაიცვალა, რამდენიმე კი სამედიცინო დაწესებულებაში მოხდა. ფატალურად დასრულებულ შემთხვევებს, ახალ ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირებენ. ყველა მათგანი გარდაცვალებამდე ღამის კლუბში იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის განიხილება ნარკოტიკული საშუალებისგან ინტოქსიკაციით გამოწვეული სიკვდილი.
„თეთრი ხმაურის'' მოძრაობამ 5 მაისს განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც ორი ახალგაზრდის ნარკოტიკული საშუალებით გარდაცვალებაზე იყო საუბარი. მოძრაობა მომხდარზე პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებს.
სავარაუდოდ, მეფედრონის მოხმარების ფაქტები იყო აჭარაშიც. მედიკოსები ამბობენ, რომ ამ ჯგუფის პრეპარატის მოხმარება ინტოქსიკაციას იწვევს და სწორედ ასეთი ჩივილებით ახალგაზრდები საავადმყოფოში ხვდებიან.