შსს ორი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს

05 მაისი 2018, 00:00 2239 ნახვა

შსს „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ორი ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ადასტურებს, თუმცა  უწყებაში არ აკონკრეტებენ, გახდა თუ არა ფატალური შედეგის მიზეზი ნარკოტიკული საშუალება. შსს-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გამოძიება სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის განიხილება ნარკოტიკული საშუალებისგან ინტოქსიკაციით გამოწვეული სიკვდილი.

„სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში 2018 წლის 5 მაისს, შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში  გარდაცვლილი ნახეს 1979 წელს დაბადებული ლ.კ. პოლიციამ ასევე შეტყობინება მიიღო მარჯანიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში 1980 წელს დაბადებული კ.კ.-ს. გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ადგილზე  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და   თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები გამოცხადდნენ. დათვალიერების შედეგად, გარდაცვლილებს ძალადობის კვალი არ აღენიშნება“,-ნათქვამია, უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით,  ორივე შემთხვევაში გამოძიება, 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც   თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ფაქტის დადასტურებამდე, „თეთრი ხმაურის მოძრაობამ“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ორი ახალგაზრდის ნარკოტიკული საშუალებით  გარდაცვალებაზეა საუბარი. მოძრაობა, ფატალურ შედეგებზე პასუხისმგებლობას, სახელმწიფოს აკისრებს. 

„ მეგობრებო, მხარდამჭერებო, მომხმარებლებო, არამომხმარებლებო და მომხმარებელთა ოჯახის წევრებო, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ქვეყანაში გვაქვს საგანგებო ვითარება, სახელმწიფო კი დუმს და თავს არიდებს პასუხისმგებლობას. შავ ბაზარზე შემოყრილია ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს იწირავს. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვივარაუდოდთ, რომ ეს ყოველივე ხდება მიზანმიმართულად და სისტემა გვიმეტებს სიკვდილისთვის. რამდენიმე წუთის წინ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ დღეს კიდევ 2 ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვალა საკუთარ სახლში მოხმარების შემდგომი ძილის პერიოდში. თითოეულ გარდაცვლილ ადამიანზე პასუხისმგებლობას ვაკისრებთ სახელმწიფოს, რომელიც არათუ არაფერს აკეთებს ვითარების ცვლილებისთვის, არამედ ხმასაც არ იღებს შექმნილ საგანგაშო მდგომარეობაზე“.
„თეთრი ხმაურის მოძრაობა“, ამავე განცხადებაში, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებლებს თხოვნით მიმართავს, ნებისმიერი სუბსტანციის მიღებისგან.

„ვვარაუდობთ, რომ არა მხოლოდ ე.წ "მეფედრონია" ლეტალობის მიზეზი, არამედ ყველა სხვა ნარკოტიკული საშუალებაც განგებაა დაბინძურებული დღემდე უცნობი ნივთიერებით (კლინიკური ნიშნებიდან გამომდინარე შესაძლოა ეს იყოს ბიო-ჰეროინი იგივე ფენტალინი). მოცემულობა ძალიან ჰგავს მიზანმიმართულ საბოტაჟს, სადაც მომხმარებლები სრულიად დაუცველ მდგომარეობაში ვიმყოფებით. ამ გენოციდის ვითარებაში კი მხოლოდ ერთმანეთის გაფრთხილება თუ გადაგვარჩენს“,-ნათქვამია, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

ამავე კატეგორიაში