დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალები დაარსებიდან 27 წლის იუბილეს ზეიმობს. ქართული არმიის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების აღნიშვნა თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრიდან დაიწყო. თავდაცვის მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება საერთაშორისო ოპერაციებში ქართველი მშვიდობისმყოფელების პროფესიონალიზმსა და გამბედაობას გაუსვა ხაზი.
მართვის ცენტრიდან ჩართვა ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ოთხ ლოკაციასა და აფრიკის კონტინენტის ორ ქვეყანაში განხორციელდა. ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საერთაშორისო მისიას III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი ასრულებს. მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ კი - IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეული. აფრიკის კონტინენტზე ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალები ორ ქვეყანაში - ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიშია წარმოდგენილი.