‘’რუსეთის რევანშისტული საგარეო პოლიტიკა რეგიონალური უსაფრთხოებისათვის, უმთავრესი გამოწვევაა. რუსეთის ქმედებებმა რეგიონში, სერიოზულად შეარყია საერთაშორისო სისტემის სანდოობა და დაემუქრა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის საფუძველსაც კი. ახლაც კი, იმ დროს, როდესაც ჩვენ ამ დარბაზში შევიკრიბეთ და ვსაუბრობთ, მოსკოვი ინტენსიურად ზრდის საკუთარ სამხედრო რესურსებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგიონის გასწვრივ,’’ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნატო-საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 97-ე სემინარზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ხოლო სუვერენული ქვეყნების ტერიტორიების მცოცავი და მკვეთრი ანექსია ნათლად გამოხატავს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს ყოველდღიურად.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ სემინარის თემა მიმზიდველია, რადგან შავი ზღვის რეგიონი და მისი უსაფრთხოება ასე მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა. მისივე განმარტებით, ცვალებადი გეოპოლიტიკური წესრიგისა და მასთან დაკავშირებული საფრთხეების გათვალისწინებით, შავი ზღვის თანამშრომლობა არის და უნდა იყოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შემადგენელი ნაწილი.
„უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ჩვენ გვწამს, რომ რუსეთის რევანშისტული საგარეო პოლიტიკა უმთავრესი გამოწვევაა რეგიონალური უსაფრთხოებისათვის. რუსეთის ქმედებებმა რეგიონში, განსაკუთრებით კი ბოლო ათწლეულში ისეთი უძლიერესი ძვრები გამოიწვია, რამაც სერიოზულად შეარყია საერთაშორისო სისტემის სანდოობა და დაემუქრა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის საფუძველსაც კი. ახლაც კი, იმ დროს, როდესაც ჩვენ ამ დარბაზში შევიკრიბეთ და ვსაუბრობთ, მოსკოვი ინტენსიურად ზრდის საკუთარ სამხედრო რესურსებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგიონის გასწვრივ. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ხოლო სუვერენული ქვეყნების ტერიტორიების მცოცავი და მკვეთრი ანექსია ნათლად გამოხატავს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს ყოველდღიურად.
საერთაშორისო საზოგადოებამ თვალი არ უნდა დახუჭოს რუსეთის ამ აგრესიულ ქმედებებზე. საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე პოზიცია არსებითი მნიშვნელობისაა და იგი ნათელი გზავნილი უნდა იყოს რუსეთისათვის, რომ აღნიშნული პოლიტიკა, რომელიც მიმართულია საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, და რომელიც ევროპის საზღვრებს ახლებურად განსაზღვრავს ოკუპაციის გზით, სრულიად მიუღებელია”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.