ბათუმში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის, როუზ-როსის 97-ე სემინარი იმართება. მონაწილეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიმართა. მისი თქმით, ქვეყნის სიძლიერე პირდაპირ კავშირშია დასავლურ ცივილიზაციასთან მჭიდრო ურთიერთობებზე.
‘’ჩვენი სიძლიერე მხოლოდ და მხოლოდ ნატოსთან და ევროკავშირთან და დასავლურ ცივილიზაციასთან ჩვენი მჭიდრო ურთიერთობით წარმოგვიდგენია. რაც დღეს, არსებული გამოწვევების ფონზე, ამ ღირებულებების დაცვის აუცილებლობის წინაშე გვაყენებს. ეს ვალდებულება ჩვენ გვაქვს მკაფიოდ გააზრებული და ვიქნებით ამ ვალდებულების ერთგული''.
ლევან იზორიას განცხადებით, საქართველო რჩება ნატოსთან თავსებადობის გაძლიერების კუთხით იმ ვალდებულების ერთგული, რასაც მსოფლიოში, მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში საქართველოს კონტრიბუცია ჰქვია.
‘’საერთაშორისო მისიებში ჩვენი სამხედროების მონაწილეობის კუთხით, საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე. ამ ვალდებულებას მომავალშიც ერთგულად შევასრულებთ’’ - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა.
ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ საქართველოს მიზანი, მშვიდობიანი გზით ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაა.
''ჩვენ წლების განმავლობაში დავიწყეთ რა ნატოსთან მჭიდრო თანამშრომლობა, ვიღებთ მტკიცე მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვის კუთხით, ეს არის პრინციპული პოზიციები, რომელიც თქვენთან ერთად მომავალ წლებშიც უნდა განვამტკიცოთ და შედეგამდე უნდა მივიყვანოთ, რასაც ჰქვია საქართველოს ნატოში ინტეგრაცია და მშვიდობიანი გზით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება. ეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით და თქვენი აქტიური მხარდაჭერით წარმოგვიდგენია. მინდა, იმ პროგრესზე გავამახვილო ყურადღება, რომელსაც ბოლო წლებში მივაღწიეთ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში. გასულ წელს ნატომ, არსებითი პაკეტი და საქართველოს მიღწევები აღიარა, როგორც სამაგალითო ინიციატივა სხვა პარტნიორი ქვეყნებისთვის. ერთ თვეში ჩვენ ვგეგმავთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის კონფერენციას, რათა ჩვენი წარმატება გავუზიაროთ ნატოს პარტნიორ სხვა წევრებსაც. ჩვენ ვაგრძელებთ ნატოს გაძლიერებული შესაძლებლობების ჯგუფში ჩვენს ინტენსიურ დიალოგს სხვა პარტნიორ ქვეყნებთან. ჩვენი ინიციატივით ეს დიალოგი უფრო ინტენსიური გავხადეთ. წელს ვგეგმავთ ვიზიტებს იორდანიაში და ავსტრალიაში, რათა დინამიკა იყოს შეუქცევადი და მყარი. ნატომ მიიღო გადაწყვეტილება ამ ფორმატში თანამშრომლობის გაგრძელების’’- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა სემინარზე.
ლევან იზორიამ რეზერვის ახალ კონცეფციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პროექტი საზოგადოების ფართო სპექტრის ჩართულობას უზრუნველყოფს.
‘’ჩვენ წელს მნიშვნელოვანი ინიციატივის განხორციელება დავიწყეთ. სურვილი გვაქვს, სკოლებში ახალგაზრდებს ნატოზე და თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ. მომავალში, გრძელვადიანი პოლიტიკის ფარგლებში ვფიქრობთ საგანიც კი შემოვიღოთ, რადგან დასავლური ღირებულებების უფრო კარგად იყოს აღქმული,’’ - ამბობს მინისტრი.
მონაწილეები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და რეფორმის დღის წესრიგზე, ნატო-საქართველოს 10-წლიან თანამშრომლობაზე, მიღწევებსა და პერსპექტივებზე, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებაზე, სამოქალაქო საზოგადოების, საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის და რეგიონულ საკითხებზე სამი დღის განმავლობაში იმსჯელებენ.
სემინარის თემაა: „საქართველო და შავი ზღვის რეგიონი ახალ გეოპოლიტიკურ დღის წესრიგში“