საოჯახო ტექნიკა, ავეჯი, წყლის გამათბობელი და წნევის აპარატი - აიპი „სასაფლაოების“ შესყიდვები 

19 აპრილი 2018, 00:00 3314 ნახვა

საოჯახო ტექნიკა - 1500 ლარი, ავეჯის აქსესუარები და  ქსოვილის ნივთები - 250-250 ლარი, სამედიცინო მოწყობილობები - 200, ფარმაცევტული პროდუქტები კი 300 ლარი - ეს აიპი ‘’ბათუმის სასაფლაოების’’ მიერ 2018 წელს შესასყიდი პროდუქციის მცირე ნაწილია.

ჩამონათვალში შეხვდებით ასევე 3700 ლარის ღირებულების ავეჯს, რომელსაც უწყება როგორც ადგილობრივი ბიუჯეტით, ასევე საკუთარი სახსრებით ყიდულობს.

სახმელეთო, წყლისა და საჰაერო ტრანსპორტის დამხმარე მომსახურებისთვის 50 ლარია გათვალისწინებული. როგორც დავაზუსტეთ, ეს რთული წინადადება  მარტივად იშიფრება და პარკირების გადასახადს ნიშნავს, რომელსაც უწყება ერთ ავტომობილზე, წელიწადში ერთხელ იხდის.

გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობებისთვის  1000 ლარია გათვალისწინებული. 

პირადი ჰიგიენის საშუალებებისთვის ‘’სასაფლაოები’’ 500 ლარს ხარჯავს. ამდენივეს მოსავლის ასაღები მანქანებისთვის.

ყველაზე მეტი თანხა საწვავში იხარჯება. დოკუმენტში წერია, რომ ამისთვის ბიუჯეტში  6000 ლარია გათვალისწინებული. 

უწყებას 3500 ლარი ‘’გარე ტანსაცმელის’’ შესაძენად  სჭირდება. 1500 კი ტანსაცმელში, ზუსტად ამდენივე ფეხსაცმელში. ‘’ბათუმის სასაფლაოების’’ წარმომადგენლები ამბობენ, რომ მესაფლავეებს და ოფისში დასაქმებულ სხვა თანამშრომლებს სპეცტანსაცმელს, ლოგოიან მაისურებს, საწვიმარ ლაბადებს და რეზინის ფეხსაცმელებს ბიუჯეტის ხარჯით იყიდიან. სწორედ ეს თანხები არის გაწერილი შესყიდვების გეგმაში.

აიპი ‘’ბათუმის სასაფლაოების’’ ხელმძღვანელ ავთო ბურკაძის თქმით, თანხების დიდი ნაწილი ჩაქვში ახალი ოფისის მოსაწყობად დაიხარჯება. იყიდიან ავეჯს და ტექნიკას. ობიექტი ამ ეტაპზე ცარიელია. ოფისისთვის უწყება ასევე 1500 ლარად მაცივრისა და წყლის გამათბობელის შესყიდვას გეგმავს.

200 ლარად წნევის საზომ აპარატებს, 300 ლარით კი მედიკამენტებსა და პირველადი დახმარების პროდუქციას იყიდიან.  

‘’ბათუმის სასაფლაოების’’ ბიუჯეტი 54 ათას 100 ლარია, აიპს საკუთარი შემოსავლებიც აქვს.  ბათუმის მასშტაბით, ისინი 10 ლოკაციაზე სასაფლაოებს კურირებენ, წელს კი ჩაქვში კიდევ ერთი ახალი ოფისი გაიხსნება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში