''ბათომი'' აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს კონსულტაციებში ჩართვას სთხოვს

18 აპრილი 2018, 00:00 2415 ნახვა

საზოგადოება "ბათომი" აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს სთხოვს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის დანიშვნამდე, კონსულტაციები არასამთავრობო სექტორთან გამართოს.

ზურაბ პატარაძისადმი მიმართვა კულტურული მემკვიდრეობის თემაზე მომუშავე ორგანიზაციამ დღეს გაავრცელა. მიმართვაში ნათქვამია, რომ  "ბოლო წლებში ბათუმში გატარებულმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ურბანულმა პოლიტიკამ, კატასტროფული შედეგების წინაშე დაგვაყენა. მრავალი მცდელობის მიუხედავად, ვერ შევძელით თქვენი დარწმუნება, რომ არსებული მავნე პრაქტიკა კანონიერების ჩარჩოში მოგექციათ.

არ მიიღეთ არცერთი სასარგებლო სამართლებრივი აქტი, არ შეასრულეთ მოცემული პირობა. 17 აპრილს ცნობილი გახდა, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა. ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, უაღრესად მნიშვნელოვანია, ვინ დაიკავებს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის  თანამდებობას, ამიტომაც მოვითხოვთ, აჭარის მთავრობამ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი მხოლოდ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ წარადინოს".

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა ასლანიშვილმა თანამდებობა განცხადების საფუძველზე გუშინ, 17 აპრილს დატოვა.  თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მან ორჯერ მიმართა. ზურაბ პაატარაძემ გადადგომის მოთხოვნას ხელი გუშინ მოაწერა. ლაშა ასლანიშვილი კულტურული მემკვიდრეობის ზონალური საბჭოს შემადგენლობაში კვლავ დარჩება.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ასლანიშვილმა განაცხადა, რომ თანამდებობიდან წასვლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაწყვიტა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი