ტყუილია, თითქოს ხელისუფლებას ჩიხში შეყავს პორტის ადმინისტრაცია - ზურაბ პატარაძე

04 აპრილი 2018, 00:00 1925 ნახვა

''ნაციონალური მოძრაობის'' წევრების განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილის კომპანია დაინტერესებულია ბათუმის პორტისა და ნავთობტერმინალის შესყიდვით და ამაში ხელს  მთავრობის წევრები უწყობენ, ზურაბ პატარაძე ტყუილს უწოდებს. 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, პორტში მიმდინარე პროცესებში, ერთჯერადად, მოქალაქეების ინტერესების დასაცავად ჩაერთნენ. 

" რაც შეეხება ბათუმის პორტთან მიმდინარე საკითხებს,  ჩვენ ვალდებულები ვართ ხელი შევუწყოთ ინვესტორს, მაგრამ ამავედროს დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიც. მას შემდეგ, რაც დაიწყო შიმშილობის აქცია, დავრეკე ასტანაში და მქონდა საუბრები, საიდანაც მივიღე მყარი გარანტიები, რომ პორტში აღარ მოხდება შემცირებები. ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ვართ ჩართული, მედიატორები ვართ, რომ ორივე მხარის ინტერესები იყოს დაცული" - განაცხადა პატარაძემ.

მთავრობის თავმჯდომარემ ასევე უპასუხა ოპოზიციის მოსაზრებას, რომლის მიხედვით, ხელისუფლებას ქართველი მმართველის დასანიშნად, ხელოვნურად შეჰყავს პორტის ადმინისტრაცია ჩიხში. 

 "ბათუმის პორტს მართავს ყაზახური კომპანია გრძელვადიანად, მათი გადასაწყვეტია, ვის დანიშნავენ დირექტორად, ყაზახს, ქართველს თუ სხვა ეროვნების პირს, ეს მათი შიდა სამზარეულოა და ამაში ვერ ჩავერევით. ჩვენ მხოლოდ სოციალური პრობლემების მოგვარებაში ჩავერთეთ, შევასრულეთ მედიატორის როლი, რომ ერთის მხრივ ბიზნესი და მეორეს მხრივ მოქალაქეები არ დაზარალდნენ" -  ამბობს თავმჯდომარე. 

რაც შეეხება სახელმწიფოს წინაშე პორტის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს, ზურაბ პატარაძე ამბობს, რომ ეს პირობები სრულდება,  "თუ იქნება დარღვევები,  სახელმწიფოს მხრიდან იქნება რეაგირებაც".  

 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში