ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერი მომღერალი სავარაუდოდ ბათუმშია. დიმა ბილანს კონცერტი სასტუმრო “შერატონში” აქვს დაგეგმილი. სასტუმროს მენეჯმენტში ინფორმაციას კონფიდეციალობიდან გამომდინარე არ ადასტურებენ, აცხადებენ რომ საღამო კორპორატიულია.
მომღერალი რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის მხარდამჭერი ჯგუფის წევრად ითვლება. იგი სხვა მომღერლებთან, მათ შორის ქეთა თოფურიასთან ერთად, პუტინის მხარდამჭერ კლიპში მონაწილეობს.
ბილანის ბათუმში ჩამოსვლის საკითხი მომღერლის ინსტაგრამიდანაც ირკვევა, სადაც იგი წერს: „ახლა მივფრინავ ბათუმში, იქ სადაც საზღვაო სასწავლებელში მამაჩემი მსახურობდა.“ დღეს “ნაციონალურმა მოძრაობამ” გაავრცელა ინფორმაცია რომ ამ კორპორატიულ საღამოზე მთავრობაცაა მიწვეული, რასაც აჭარის მთავრობის აპარატში უარყოფენ.
ფლობდა თუ არა ინფორმაციას ზოგადად რეგიონის მთავრობა ქალაქში ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის მხარდამჭერი მომღერლის ჩამოსვლის შესახებ – ამ კითხვაზეც აცხადებენ რომ არა – ბილანის ჩამოსვლის შესახებ არაფერი იცოდნენ. შერატონში მისულ სტუმრებს, რომლებიც ძირითადად უცხოეთის მოქალაქეები არიან, არ სურთ კორპორატიულ საღამოზე საუბარი.