საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის 22-ე ტურში, მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ბათუმის გუნდმა. ბათუმელებმა დაძაბულ შეხვედრაში თბილისის ოლიმპი 82:78 დაამარცხეს. ოთხივე მეოთხედში ბრძოლა თანაბრად მიმდინარეობდა, მატჩის პირველი ნახევარიც ყაიმით 41:41 დასრულდა.
ბოლო პერიოდში „ბათუმმა“ მეტოქეს აჯობა და სუპერლიგაში ზედიზედ მესამე გამარჯვება მიითვალა. ბათუმელთაგან ყველაზე შედეგიანი სპენსერ კოლინსი იყო, რომელმაც გუნდს 16 ქულა მოუტანა.
მატჩის მიმდინარეობისას, ბათუმელმა გულშემატკივრებმა ტრიბუნაზე საპროტესტო ბანერები გამოფინეს, წარწერით „მსაჯებს სიცოცხლე“, „მსაჯებს „სვაბოდა“, რის გამოც თამაში რამდენიმე წუთით შეჩერდა. სადისციპლინო კომისიის გადაწყვეტილებით, პროტესტის მსგავსი გამოხატვა შეურაცხმყოფელი იყო სუპერლიგისა და მსაჯების მიმართ, რის გამოც გულშემატკივრებს ტრანსფარანტების დაუყოვნებლივ ჩამოხსნა მოსთხოვეს.
ამ გამარჯვების შემდეგ „ბათუმი“ სატურნირო ცხრილში ერთი საფეხურით ამაღლდა და მეხუთე პოზიცია დაიკავა, მას პირველ ოთხეულში მოსახვედრად „რუსთავი“, „კაქტუსი“, თბილისის „დინამო“ და „ქუთაისი“ ეცილებიან.
სუპერლიგის მომდევნო ტურის შეხვედრას, საკალათბურთო კლუბი „ბათუმი“, 15 მარტს, სტუმრად მარნეულის „დელტას“ წინააღმდეგ გამართავს.