ხულოს საკრებულომ, არარსებულ ობიექტებზე დაწესებული მოსაკრებელი ერთი წლის შემდეგ გააუქმა. გადაწყვეტილება დეპუტატებმა დღეს გამართულ სხდომაზე მიიღეს. საკრებულოს, 2017 წლის 26 იანვრის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა.მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ვაგზლების, აეროპორტების, რკინიგზის, საავტომობილო და მეტროპოლიტენის დასუფთავების მოსაკრებელს, ამ დრომდე იხდიდა. დადგენილების მიხედვით, ერთ კვადრატულ მეტრზე წელიწადში 6 ლარი იყო განსაზღვრული. არარსებული ობიექტების დასუფთავებისთვის გადასახადი, წინა მოწვევის დეპუტატებმა დააწესეს.
ახალი მოწვევის საკრებულოში, მათი ნაწილი კვლავ მუშაობს. დეპუტატებმა დებულებას, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ გადახედეს და მის შეცვლაზე საუბარი დაიწყეს. ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ცვლილება მხოლოდ არარსებული ობიექტების დოკუმენტიდან ამოღებას შეეხო, ხოლო გადასახადი უცვლელი დარჩა.რამაზ გელაძე განმარტავს, რომ წინა მოწვევის საკრებულოს ტექნიკური შეცდომა გაეპარა.