პარლამენტმა რეზერვის მობილიზაციის ახალი კონცეფცია დაამტკიცა. კანონპროექტის თანახმად, სამხედრო სარეზერვო სამსახური იქნება ორი სახის, აქტიური და სამობილიზაციო. აქტიური სარეზერვო სამსახური იქნება ნებაყოფლობითი. გაფორმდება კონტრაქტი 5 წლამდე ვადით. გაწვევის შემთხვევაში რეზერვისტს შეუნარჩუნდება სამუშაო ადგილი და ხელფასი.
აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირს მიეცემა ყოველთვიური შრომითი გასამრჯელო, რომელიც იქნება მისი წოდებრივი სარგოს 20%-ი, ხოლო გამოძახების და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში - შრომის ანაზღაურების სრული ოდენობა. სამობილიზაციო რეზერვი, აქტიური რეზერვისგან განსხვავებით სავალდებულოა და მისი მიზანი სამხედრო ძალების გაძლიერება და დანაკარგების შევსებაა. სამობილიზაციო რეზერვში ჩაირიცხებიან 18-დან 60 წლამდე მოქალაქეები.