მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია პატიმრობიდან გაათავისუფლეს

06 მარტი 2018, 00:00 3598 ნახვა

11-12 მარტის ბათუმის მოვლენების ჯგუფური მოქმედების ორგანიზებაში ბრალდებულები, მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია გაათავისუფლეს.

ინფორმაცია, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს მერაბ ღოღობერიძის მეუღლემ და ადვოკატმა პაატა შავაძემ დაუდასტურეს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის (უდოს) გადაწყვეტილებით, ჩხვირკიამ და ღოღობერიძემ საპატიმრო დაწესებულება დღეს დატოვეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ორივე მათგანს, ერთი წლითა და 6 თვით პატიმრობა, 10 იანვარს შეუფარდა.  მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ჩათვალა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლი, რომლითაც პროკურატურა მასობრივი არეულობის ორგანიზებას ედავებოდა ბრალდებულებს არ დასტურდება.

სასჯელის ათვლა დაკავების დღიდან, 23 აპრილიდან დაიწყო. 

11 მარტს ბათუმში მძღოლების აქცია დაიწყო, რაც დღის მეორე ნახევარში მასობრივ არეულობაში გადაიზარდა, გვიან ღამით კი აქციაზე დარჩენილმა მცირე რაოდენობის მოქალაქეებმა პოლიციის შენობაზე შტურმი დაიწყო, დაწვეს ავტომანქანები, შენობას ესროდნენ ქვებს და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს, დააზიანეს ქალაქის ინფრასტრუქტურა. დილის 6 საათამდე პოლიციამ აქცია ვერ დაშალა, გამთენიისას სპეცრაზმმა დააკავა რამდენიმე აქციის მონაწილე. 

11-12 მარტის მოვლენების საქმეზე სამართალდამცავებმა 21 ადამიანი დააკავეს, აქედან ორი არასრულწლოვანი.

18-მა დაკავებულმა მასობრივ არეულობაში მონაწილეობაში ბრალი აღიარა, არასრულწლოვნებს პირობითი სასჯელი დაეკისრათ. მხოლოდ ერთი დაკავებული, ლაშა დეკანაძე არ აღიარებდა დანაშაულს და მასთან საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდა. 

ლაშა დეკანაძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალის ძირითად ნაწილში უდანაშაულოდ სცნო, თუმცა მოსამართლე ლევან გელოვანის გადაწყვეტილებით, დეკანაძე წელიწადი და სამი თვე სასჯელს ხულიგნობის ბრალდებით მოიხდის. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული. 

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი