ქობულეთში ხანძრის დროს სამი წლის წინ სამი მოზარდის გარდაცვალების საქმეში ბრალდებულის ზაზა ართმელაძის ოჯახის წევრები დავით მამისეიშვილს უპირისპირდებიან. ამბობენ, რომ ბრალდებულის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალი სწორედ მოსამართლეს მიუძღვის, რომელმაც წინა სასამართლო სხდომაზე მას პატიმრობა შეუფარდა.
ართმელაძის ოჯახს მიაჩნია, რომ მათ მიმართ მიზანმიმართული დევნა განხორციელდა და მოსამართლე დავით მამისეიშვილი პირადი ინტერესების მიხედვით გადაწყვეტილებას იღებდა.
ოჯახის მიმართ საბანკო ვალდებულების საქმეზეც მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი, ზაზა ართმელაძის შვილის, ნიკა ართმელაძის ინფორმაციით, ბანკის წარმომადგენლები ფორსმაჟორულ მდგომარეობას ითვალისწინებდნენ, მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ კი დავით მამისეიშვილის დავალებით ვალდებულების დაფარვა დააკისრა და საშეღავათო პერიოდი არ მისცა.