სასტუმრო „ლეოგრანდი“ ზაფხულიდან „ველმონდის“ სახელით განაახლებს მუშაობას. 24 ნოემბერს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, რებრენდინგი მენეჯმენტმა მალევე დააანონსა. სახელის ცვლილების შესახებ ინფორმაცია, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, სასტუმროს იურისტმა დაუდასტურა.
2017 წლის 24 ნოემბერს, სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. უკვე სამ თვეზე მეტია საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა ექსპერტიზის პასუხები საზოგადოებისთვის ამ დრომდე ცნობილი არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ექსპერტიზა სხვადასხვა მიმართულებით კეთდება, ამიტომ პროცესი დროში გაჭიანურდა.
ექსპერტიზის პასუხს ელოდება "ლეოგრანდის" მფლობელი ეროლ ავგორენიც. როგორც აჭარის მაუწყებელთან სასტუმროს იურისტი განმარტავს, სწორედ ამის შემდეგ დაიწყება მუშაობა უსაფრთხოების ზომების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაზე.
სასტუმროს იურისტი ამბობს, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს იყო თუ არა უსაფრთხოების ზომები დარღვეული და რა მიმართულებით. "ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას და ამის შემდეგ ჩატარდება ღონისძიებები, თუმცა პრევენციულად ჩვენ ის სივრცე, სადაც ხანძრის კერა დაფიქსირდა, გაგვაქვს გარეთ" - აცხადებს კახა წერეთელი.
იურისტი ამბობს, რომ სასტუმროში ამჟამად აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს: "თანამშრომელთა ნაწილი უკვე მუშაობს, ნაწილი კი სამსახურში სასტუმროსა და სამორინეს ამუშავების შემდეგ დაბრუნდება".
საგამოძიებო მოქმედებები "ლეოგრანდში" ამ წუთებშიც გრძელდება, დალუქულია რამდენიმე სასტუმრო ნომერი.