სოფელ ნატახტარში არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე უარი განაცხადა. ადგილზე უსაფრთხოების მიზნით მობილიზებულია ასობით სამართალდამცველი. ოჯახის წევრები ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემამდე დაშლას არ აპირებენ. ადგილზე ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი და მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი იმყოფებიან.
აქციის მონაწილეები მთავრობის სხვა წევრების მისვლასაც მოითხოვენ. 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ამ დრომდე საზღვრის მიღმა რჩებიან დაკავებული ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი. ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის არაგეგმური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა ქართულ მედიასთან კომენტარზე უარი განაცხადეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა კახა ქემოკლიძემ კი აღნიშნა, რომ შეხვედრაზე დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე ამ ეტაპზე უარი განაცხადეს. მათი თქმით, შეხვედრაზე გაირკვა, რომ ცხედრის საფუძვლიანი ექსპერტიზა ვერ ჩატარდა, რის გამოც, რუსეთის ფედერაციის საექსპერტო ბიუროს მიმართეს და აღნიშნულ პროცედურებს და ექსპერტიზას რამდენიმე დღე დასჭირდება.