ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძე, რომელსაც უვადო მოსამართლედ განმწესებაზე იუსტიციის საბჭომ უარი უთხრა, აცხადებს რომ ეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილთან დაპირისპირების შედეგია.
მოსამართლე ირაკლი შავაძე აცხადებს, რომ ის თავმჯდომარის "გუნდში" ვერ მოხვდა, რადგან მან მამისეიშვილს მის გადაწყვეტილებებში ჩარევის უფლება არ მისცა.
„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გააკეთა განცხადება, რომ გასაუბრება გაიარა 50-მა პირმა და მათგან ყველა აკმაყოფილებდა კეთილსინდისიერების და კვალიფიციურობის მოთხოვნებს, მოსამართლის უვადოდ გამწესება სწორედ ამ ორი კრიტერიუმით ხდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე უარი მეთქვა და ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, დავით მამისეიშვილმა სასამართლოში მისვლის პირველივე დღეს განმიცხადა, რომ ან იქნები ჩვენს გუნდთან ერთად ან იქნები მარტო, გარიყულიო. ასეთი ულტიმატუმი დამიყენა, ბუნებრივია მასთან არ ვაპირებდი დაპირისპირებას და ვცდილობდი ლავირებას. მისი სურვილი იყო ჩემს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებებზე მოეხდინა გავლენა და მისი კარნახის მიხედვით მიმეღო გადაწყვეტილებები" - აცხადებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
მოსამართლე იხსენებს, რომ ყველაზე დიდი დაპირისპირება, ქობულეთში დამწვარი სასტუმროს "არმაზის" (სადაც 3 ბავშვი დაიღუპა) საქმეზე დაიწყო. ირაკლი შავაძე ამბობს, რომ ზაზა ართმელაძეს, რომელიც ბრალდებული იყო, მამისეიშვილმა პატიმრობა შეუფარდა.
"მამისეიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საქმე მე შემხვედროდა და მოაყოლა დირექტივაც, რომ წინასწარ პატიმრობაში დამეტოვებინა ზაზა ართმელაძე (მზადა ვარ გავიარო სიცრუის დეტექტორზე, რომ მის სიტყვებს ვამბობ), მითხრა, რომ თავადაც აპირებდა შეეცვალა წინა თსასამართლო სხდომაზე პატიმრობა მისთვის, თუმცა ეს იმიტომ არ გააკეთა, რომ ართმელაძის ადვოკატმა და დამ თბილისში, მოსამართლეთა კონფერენციაზე, რაღაც პლაკატები გამოაკრეს მისი საწინააღმდეგო'' - ყვება შავაძე.